ისრაელის ძალები აგრძელებს ღაზაში ომს. პალესტინელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ისრაელის მიერ განხორციელებული ბოლო საჰაერო შეტევის შედეგად, მოკლულია, მინიმუმ, 50 ადამიანი.
პალესტინელთა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელი ღაზაზე თავდასხმების გაძლიერებაში დაადანაშაულა. "ჰამასის" თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ არაბული ქვეყნების შუამავლობითა და შეერთებული შტატების ჩართულობით მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შედგეს. ისრაელი კი აცხადებს, რომ ცდილობს "ჰამასი" სრულად გაანადგუროს.
ღაზის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაფაში, ღაზის სამხრეთ სასაზღვრო ქალაქში, სახლზე საჰაერო თავდასხმის შედეგად ხუთი პალესტინელი დაიღუპა, ახლომდებარე ხან იუნისში კი მოკლეს მამაკაცი, მისი ცოლი და ორი შვილი.
გარდა ამისა, სამშაბათს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მანქანა აფეთქდა, რამაც მინიმუმ 17 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 26 ადამიანი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდასხმა მოხდა ატტარის ქუჩაზეც, დევნილი ოჯახების მახლობლად მდებარე კარავთან ახლოს.
ასევე ნახეთ: ისრაელი განიხილავს "ჰამასის" შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზეღაზის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ნუსეირატის ბანაკში მდებარე სკოლაზე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ბევრი დაიჭრა.სამინისტრო ამბობს, რომ იერიში გაეროს მიერ მართულ სკოლაზე მოხდა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ.
ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო კონტრშეტევამ ღაზაში, რაც ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა, 38 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ, ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასს" ჯერ კიდევ ჰყავს ისრაელიდან გატაცებული 116 მძევალი, მათ შორის 42 დაღუპულია.
7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმისას, რომელიც "ჰამასმა" ისრაელზე განახორციელა, 1 200 ადამიანი მოკლეს, ხოლო 250 გაიტაცეს. მათი ნაწილი, მესამე მხარეების ჩარევით და ცეცხლის შეწყვეტის მცირე პაუზის დროს, "ჰამასმა" უკან, ისრაელში დააბრუნა. თუმცა, მძევალთა ნაწილი, კვლავ ტყვეობაში რჩება.
ტყვეთა გათავისუფლება ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.