პირველად ისტორიაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ნაფტალი ბენეტი აბუ-დაბიში ოფიციალური ვიზიტით 12 დეკემბერს ჩავიდა.
ისრაელი-საამიროების ურთიერთობების ფორმალიზება აშშ-ის შუამავლობით გასულ წელს, ე.წ. აბრაამის შეთანხმების საფუძველზე მოხდა. მას შემდეგ ეს ორ ქვეყანას შორის შემდგარი, უმაღლესი რანგის პირველი შეხვედრაა.
ბენეტი აბუ-დაბიში საპატიო დაცვით მიიღეს. მას მასპინძლობას საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხი აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი უწევს. ეკონომიკური და სამხედრო კავშირების დამატების შესახებ საკითხების განსახილველად, დაგეგმილია შეხვედრა ტახტის მემკვიდრე პრინც მიჰამედ ბინ ზაიდთან.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ. ჩვენ მოუთმენლად ველით ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებას” - აცხადებს ბენეტი.
ბენეტის ისტორიული ვიზიტი, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე იმართება, რომლითაც მსოფლიო ლიდერები ცდილობენ ირანთან ექვსწლიანი ბირთვული შეთანხმება აღადგინონ. შეთანხმება 2018 წელს აშშ-ის გასვლით და ახალი სანქციების დაწესებით შეფერხდა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ბირთვულ შეთანხმებას გააცოცხლებს. ოფიციალური თეთრანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში “სერიოზულად” არიან ჩართულნი.
ისრაელი ბირთვულ შეთანხმებას მტკიცედ ეწინააღმდეგება.
უსაფრთხოების საკითხებში, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები საიდუმლოდ დიდი ხანია თანამშრომლობენ, თუმცა ოფიციალური შეთანხმება მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში გააფორმეს.