ობამამ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიღო

დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტი ბარაქ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო.

ორი ქვეყნის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო მიზნებს ემსახურება, თუმცა მათ განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ ამ პრობლემის მოგვარების საკითხში.

ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის მომხრეა, შეერთებული შტატები კი მეტ დროს მოითხოვს თეირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ეფექტური ამოქმედებისთვის.

ამერიკაში სტუმრობამდე კანადაში ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ხისტი პოზიცია ირანთან დაკავშირებით. მისი თქმით:“ მე ვფიქრობ, რომ ნათლად უნდა გავარკვიოთ ჩვენი მოთხოვნები: პირველ რიგში უნდა დაიხურის ბირთვული ობიექტი ყუმში, შეწყდეს ურანის გამდიდრების პროგრამა და გამდიდრებული ურანი უნდა გაიტანონ ირანიდან.“

ირანი აცხდებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ამავე დროს ირანის ლიდერები ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მომხრენი არიან. ამიტომ ირანის წარმატებული ატომური პროექტი ისრაელის არსებობას უქმნის საფრთხეს.

ისრაელის ოფიცილური პირების განცხადებით ბენიამინ ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ობამას დარწმუნებას შეეცდება ირანზე თავდასხმის აუცილებლობაში, რადგან თეირანის ბირთვული პროგრამა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ შესაძლებელია ირანზე დარტყმა ცოტა ხანში უკვე დაგვიანებული აღმოჩნდეს.

თავის მხრივ პრეზიდენტი ობამა მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმა ჯერ ნაადრევია და ამგვარი რამ მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს.

ისრაელის ხელისუფლებისთვის ეს არგუმენტი არ არის დამაჯერებელი. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობა შეაჩეროს სისხლისღვრა სირიაში იმის დამადასტურებელია, რომ მსოფლიოს არ შეუძლია ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.

ისრაელის რადიოში გამოსვლისას ბატონმა ლიბერმანმა შეერთებულ შტატებს მსოფლიოს ზესახელმწიფო და ისრაელის მეგობარი უწოდა, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.