ოთხშაბათს ისრაელის არმიამ ღაზის ცენტრალურ ნაწილზე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით მიიტანა იერიში. ღაზის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ შედეგად ათობით ადამიანია მოკლული, მათ შორის 20 ერთი თავდასხმის დროს. პარალელურად, ისრაელის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზარდი საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება "ჰამასის" განადგურების შესახებ არ შეცვლილა. მისივე თქმით, არ არსებობს „ჯადოსნური გადაწყვეტილებები“, ან „მოკლე გზები“.
ღაზის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავდასხმების გამო გათიშული კომუნიკაციები კიდევ უფრო ართულებდა დახმარების გაეწევას დაშავებულებისთვის. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საკომუნიკაციო საშუალებების მუშაობა დღის მეორე ნახევარში ეტაპობრივად განახლდა.
ასევე ნახეთ: გაერო ღაზაში დაბომბვების გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამსადგილობრივი მედიკოსები ამბობენ, რომ ერთი საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის ცენტრალურ ალ-მაღაზის რაიონში, ხუთი პალესტინელი დაიღუპა. ქალაქ ღაზის ჩრდილოეთით ღამით მოკლული შვიდი პალესტინელის ცხედარი კი ალ შიფას საავადმყოფოში გადაასვენეს.
ღაზის მცხოვრებლებმა ასევე თქვეს, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ალ-ბურეიჯის რაიონის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და მიმდებარე სოფელ ჯურ ად-დეკში, სადაც მათი თქმით, ისრაელის ტანკებია განლაგებული.
"ჰამასის" შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ მისი მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელის ოთხ ბულდოზერს და ტანკს ხან იუნისის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები.
ისრაელის ჯარი იტყობინება, რომ შეტაკებების შედეგად, მოკლულია კიდევ სამი ისრაელელი ჯარისკაცი. 20 ოქტომბრის შემდეგ, "ჰამასის" წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სულ 166 ჯარისკაცია მოკლული.