სერჟანტი გილად შალითი გაათავისუფლეს

სერჟანტი გილად შალითი გაათავისუფლეს

ისრაელის არმიის სპიკერმა, გენერალმა მორდეხაიმ, ებრაელ მოსახლეობას აუწყა, რომ სერჟანტი გილად შალითი, რომელიც 5 წელი პალესტინის ტყვეობაში იმყოფებოდა, დღეს ოჯახს დაუბრუნდა. ჰამასმა ის ჯერ ეგვიპტეს გადასცა, შემდეგ კი სამხედრო ვერტმფრენით ისრაელის ცენტრალურ საავიაციო ბაზაზე გადააფრინეს.

ზეიმობდნენ პალესტინელებიც. ისრაელმა სერჟანტ შალითის სანაცვლოდ სამასამდე პალესტინელი რიგითი ჯარისკაცი გაათავისუფლა. პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი მეომრებს პირადად მიესალმა.

ბატონი აბასის განცხადებით ისრაელის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად პალესტინელთა მეორე დიდი ჯგუფის გათავისუფლება მზადდება. მომდევნო ორი თვის მანძილზე ისრაელის ციხეებს 550 პალესტინელი დატოვებს.

ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სპეციალურ გამოსვლაში აღნიშნავს, რომ თითოეული გათავისუფლებული პალესტინელი, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდება, სასამართლოს წინაშე წარსდგება. ისრაელის ციხეებში დღეს დაახლოებით 6 ათასამდე პალესტინელი იმყოფება.