ისრაელმა სპეცოპერაციის დროს სახლები დაანგრია

სპეცოპერაციის შედეგად იმ მამაკაცის ოჯახის წევრების სახლები განადგურდა, რომელმაც შარშან სინაგოგაში 5 მომლოცველი და პოლიციის ოფიცერი მოკლა.

ისრაელის სამხედრო ძალებმა ორი პალესტინელის სახლი დაარბიეს, რომლებმაც შარშან იერუსალიმში სისხლიანი თავდასხმა მოაწყვეს. სპეცოპერაციის შედეგად იმ მამაკაცის ოჯახის წევრების სახლები განადგურდა, რომელმაც შარშან სინაგოგაში 5 მომლოცველი და პოლიციის ოფიცერი მოკლა. სპეცრაზმელებმა ასევე დაანგრიეს სახლი, რომლის პატრონმაც შარშან ბულდოზერით ერთი ადამიანი მოკლა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ პირობა დადო, რომ ტერორისტების სახლების დანგრევა და ტერორიზმში ეჭვმიტანილების გასამართლების გარეშე დაპატიმრება მალე მოხდება. მან უშიშროების კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ პალესტინელების ძალადობის საპასუხოდ ისრაელის ძალების შესაძლებლობები შეუზღუდავია. “ჩვენ ნებას ვრთავთ ჩვენს ძალებს მკაცრად იმოქმედონ იმათ წინააღმდეგ, ვინც ქვებს და ასაფეთქებლებს ისვრის, ჩვენ არ ვართ მზად დავინდოთ არც ტერორისტები და არც მეამბოხეები,” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გუშინვე უშიშროების გუნდს შეხვდა პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და მათ კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.