ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორში მდებარე "ჰამასის" პოზიციებზე, საჰაერო იერიში განახორციელა. დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც "ჰამასის" თავდასხმის პასუხად, ისრაელმა დაჯგუფების წინააღმდეგ, ღაზის სექტორში ომი დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი საკუთარი ხალხის შინ უსაფრთხოდ დაბრუნებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.
"ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე ისრალეის ომმა, გამოიწვია დაპირისპირება ლიბანთანაც, საიდანაც "ჰეზბოლას" ძალები მოქმედებს, რაც ზრდის შეშფოთებას ომის ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის თაობაზე. ორივეს - "ჰამასსა" და "ჰეზბოლას" ზურგს ირანი უმაგრებს, თუმცა თეირანი ოფიციალურად მათ დახმარებას უარყოფს.
ასევე ნახეთ: “ვგლოვობთ ყველა უდანაშაულო მსხვერპლს“ - ერთი წელი ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმიდანდღეს, 7 ოქტომბერს, თავდასხმა ღაზის მხრიდან ისრაელზეც მოხდა. თელ-ავივში და ისრაელის ცენტრალური ნაწილის სხვა დასახლებებში, განგაშის ხმა ისმოდა.
ამ ეტაპზე, ისრაელიდან მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება, მაგრამ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მედია 10 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ჰაიფაზე იერიში ლიბანიდან "ჰეზბოლამ" განახორციელა, რომლის განცხადებითაც, მათი სამიზნე ქალაქის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზა იყო.
ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ იერიში ლიბანში, "ჰეზბოლას" ძალებზეც მიიტანეს. სამიზნეებს შორის დასახელდა დედაქალაქი ბეირუთი, ასევე ლიბანის სამხრეთით მდებარე სხვა დასახლებები, მათ შორის ბექას ველი.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის წლისთავს ეძღვნება. დილით გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი ამბობს, რომ 7 ოქტომბერი ისტორიაში შევა, როგორც პალესტინელი ხალხისთვის ერთ-ერთი მძიმე დღე, როცა "ჰამასის" ნაბიჯმა კონფლიქტი გამოიწვია.
„ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საშუალებას მოგვცემს ადგილზე ტანჯვის შესამსუბუქებლად, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებასა და ამ ომის დასრულებას“, - თქვა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, "როგორც ისრაელელები, ისე პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას."
2023 წლის 7 ოქტომბერს, დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის პასუხად, ისრაელმა ჯერ "ჰამასთან" დაიწყო მასშტაბური ომი და ახლა მას "ჰეზბოლასთანაც" აგრძელებს, რომელიც "ჰამასს" უჭერს მხარს. „ჰამასმა“ თავდასხმის დროს 1 200 ისრაელელი მოკლა, მეტწილად, მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაჯგუფებამ 250 ადამიანი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა. მძევლების ნაწილი უკვე დაბრუნებულია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ ისრაელის მიერ დაწყებული საპასუხო ომის შედეგად, პალესტინელთა შორის მსხვერპლი 44 000-ს აჭარბებს. ისინი არ აკონკრეტებენ, დაღუპულთა შორის, რამდენი მეომარია და რამდენი - მშვიდობიანი მოქალაქე. თავის მხრივ, მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე ომში, „ჰამასის“ 17 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.
ასევე ნახეთ: დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - ხამენეი ამბობს, რომ ირანი უკან არ დაიხევს