ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა იული ედელსტაინმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები გასულ კვირას გამოცხადებული ნაწილობრივი „ლოქდაუნის“ რეჟიმშიც სწრაფად იზრდება. მინისტრი ამბობს, რომ ის ქვეყანაში არაარსებითი საქმიანობის სრული შეზღუდვის მომხრეა და ეცდება, რომ მთავრობამ ამგვარი საჭირო ზომები მიიღოს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 445 845 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 435 - ადამიანი ვირუსით ან მასთან დაკავშირებული გართულებებით გარდაიცვალა. კვირას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად 50 299 ინფიცირებულია, შაბათს კი 24 საათის განმავლობაში 4 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირას, დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 6 000 გადააჭარბა.
გასულ კვირას ისრაელში ეროვნული მასშტაბით „ლოქდაუნი“ - ანუ არაარსებითი საქმიანობის შეზღუდვა ვირუსის გავრცელების პერიოდის შემდეგ, უკვე მესამედ დაიწყეს. სპეციალისტების ნაწილი ამ შეზღუდვების ხარვეზებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ის ვირუსის შეკავებას ხელს ვერ უშლიდა. მაგალითად ის, რომ სკოლები და სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი კვლავ გახსნილი იყო, თავად შეზღუდვების აღსრულება კი, მათი აზრით, ეფექტურად არ ხდებოდა.
ასევე ნახეთ: აშშ-ში ვაქცინაცია დაგეგმილზე ნელი ტემპით დაიწყოიული ედელსტაინმა განაცხადა, რომ ახლა ქვეყანაში იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე - სექტემბრის დასაწყისში. ისრაელში შეზღუდვები მეორედ სწორედ სექტემბერში გაამკაცრეს.
ისრაელში ვაქცინაცია მასშტაბურად მიმდინარეობს. აცრის პროცესის დაწყებიდან პირველივე კვირაში 250 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. გამოცემა „ისრაელის თაიმსის“ მონაცემებით, ამ დროისთვის მილიონზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ჯანდაცვის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ვაქცინის გაკეთების მსურველთა უმრავლესობას აცრის გაკეთების შესაძლებლობა ექნება და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება ეკონომიკისა და კულტურის სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის გახსნა-აღდგენა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველი იყო, ვინც 19 დეკემბერს ქვეყანაში ვაქცინა გაიკეთა. მის მსგავსად, პირდაპირ ეთერში, კამერების თანდასწრებით აიცრნენ ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.
ქვეყანაში მარტში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ეს ბოლო ორ წელიწადში მეოთხე არჩევნები იქნება. 23 დეკემბერს ნეთანიაჰუს კოალიციურმა მთავრობამ ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოახერხა და ისრაელის პარლამენტი, ქნესეთი, ამის შედეგად ავტომატურად დაიშალა. ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მისი მეტოქე, ბენი განცი, მთავრობის დაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანა წარმატებულია ვაქცინაციის პირველ ეტაპზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტის მონაცემებით, ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა 100 მოსახლეზე გაანგარიშებით უკვე ჩატარებული აცრების რაოდენობით. თუმცა, ჩამორჩება ამერიკას, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს აცრილთა ჯამური რაოდენობით. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსზე, დაახლოებით, 13 მილიონი ადამიანია აცრილი. თუმცა ეს მოქალაქეები განსხვავებულ ვაქცინებს იღებენ.
ასევე ნახეთ: ფაუჩი: პანდემიის კონტროლი მომავალი წლის შემოდგომისთვის იქნება შესაძლებელინეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი შესაძლოა პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კოვიდ-19-ს დაამარცხებს. მას ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებიც ეთანხმებიან.
არნონ აფეკი, შებას ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.
"მიზეზი, თუ რატომ შეიძლება, რომ ისრაელში ეს მოხდეს, ქვეყნის ჯანდაცვის ძალიან კარგი სისტემაა. ჩვენი სისტემა ძირითადად საჯაროა. მას ჯანდაცვის ოთხი ფონდი მართავს, რომელთაგან ერთს ირჩევ და მათ შენ უნდა მიგიღონ და კარგი სერვისით უზრუნველგყონ. მათ შორის, კორონავირუსზე უფასო ტესტებითა და ვაქცინაციი", ამბობს არნონ აფეკი.
იანვრის ბოლომდე ქვეყნის ოფიციალური პირები 9 მილიონამდე ვაქცინაციას, მოსახლეობის მეოთხედის აცრას გეგმავენ. ქვეყანა ამჯერად "ფაიზერ"-"ბიონტექის" ვაქცინას იყენებს და "მოდერნას" ვაქცინის იმპორტს ელოდება.
ნეთანიაჰუ და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის წარმატებული პროცესის შემდეგ მარტის არჩევნებში მხარს კვლავ მათ დაუჭერს.