ისრაელ-ღაზას საზღვარზე მდგომარეობა დაიძაბა

ისრაელ-ღაზას საზღვარზე მდგომარეობა დაიძაბა

ამ ბოლო დროს ისრაელის საზღვარზე ღაზას სექტორთან მზარდი დაძაბულობა შეინიშნება. პალესტინელმა მეამბოხეებმა ისრაელის ტერიტორიას რაკეტები დაუშინეს. ზოგი რაკეტა თელ ავივიდან სულ რამდენიმე კილომეტრში აფეთქდა. ისრაელმა ამ თავდასხმებს საჰაერო დარტყმებითა და საარტილერიო ცეცხლით უპასუხა, რამაც პალესტინელების რისხვა გამოიწვია. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ლუის რამირესმა ისრაელის საპორტო ქალაქი აშდოდი მოინახულა, სადაც რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.

მას შემდეგ რაც ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა იაფა ბრიგას საცხოვრებელ სახლთან სულ რამდენიმე მეტრში დაეცა, მას ნორმალურად ცხოვრება უჭირს.

„ახლა რაკეტები ჩვენთან ძალიან ახლოს ვარდება. ძალიან დიდი გრუხუნი გაისმა და აფეთქებამ ფანჯრები და კარები შესძრა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაკეტა სახლში დაეცა. ძალიან შემეშინდა. მას შემდეგ ცუდად მძინავს,“ აღნიშნავს იაფა ბრიგა.

ბრიგას სახლის მახლობლად ჩამოვარდნილი რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს. ამჯერად რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მაგრამ აქაური მაცხოვრებლებისთვის შედარებითი სიმშვიდის პერიოდი დასრულდა.

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე პალესტინელი მეამბოხეები ღაზას სექტორიდან ისრაელს რაკეტებს უშენენ, რასაც პასუხად ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმები და საარტილერიო ცეცხლი მოჰყვება.

ისრაელის მთავრობას მშვიდობა სურს, მაგრამ თელ ავივი ამ მიმართულებით ძალისხმევას მხოლოდ მაშინ განაახლებს, თუ პალესტინელების თავდასხმები შეწყდება. ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა:

„ჩვენ რასაკვირველია სიმშვიდე და უსაფრთხოება გვსურს. მდგომარეობის ესკალაცია არ გვინდა. მაგრამ ჩვენ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისრაელის თავდაცვის ძალების მთელს ღონეს გამოვიყენებთ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ჩვენს მოქალაქეებზე თავდასხმებს აწყობს. ჩვენი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ თავდასხმებს ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ.“

ამ ზღვისპირა ქალაქში დაძაბულობის მიუხედავად იაფა ბრეგას მსგავსი ხალხი ცხოვრებას აგრძელებს. თუმცა უკვე რამდენიმე დღეა რაც სკოლები დაიხურა. ხოლო იაფას 17 წლის ქალიშვილს ტონეს მომავალი ადარდებს.

„როგორ უნდა გავაგრძელო ასე ცხოვრება არ ვიცი. მუდამ შიშის გრძნობა მეუფლება. სკოლას ვამთავრებ და შექმნილი სიტუაციის გამო გაკვეთილები გაგვიუქმეს. ყოველდღე ვითარება უარესდება. ძალიან მსურს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და რომ ყველა აქ მცხოვრებმა მშვიდობიანად იცხოვროს, მაგრამ მეეჭვება რომ ეს ასე მოხდება,“ დასძენს ტონე ბრიგა.

არცერთ მხარეს ახალი ომის დაწყება არ სურს, მაგრამ საკითხავია ის თუ ვიგადადგამს პირველ ნაბიჯს მისი თავიდან აცილების მიზნით.