ისრაელის საჰაერო ძალების მეთაური დღეს მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს ხვდება იმ სამხილის წარსადგენად, რომელიც კვირის დასაწყისში, სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ამიკამ ნორკინი მოსკოვში ისაუბრებს ყველა ასპექტზე, რაც მოიცავს მისიის დაწყებამდე არსებულ ინფორმაციასა და თავდაცვის ძალების მიერ მოპოვებულ დეტალებს.
ორშაბათს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 15 სამხედრო მოსამსახურე პირი დაიღუპა. თვითმფრინავს სირიის საჰაერო ძალების მიერ გასროლილი რაკეტა მოხვდა. სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ცეცხლი ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებს გაუხსნა.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავებმა იერიში სირიის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს, რომელიც ლიბანში დაფუძნებულ გასამხედროებულ დაჯგუფება "ჰეზბოლას" იარაღით ამარაგებდა.
ისრაელი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს, მისი სამხედრო თვითმფრინავები უკვე ისრაელის საჰაერო სივრცეში იყო შესული.