შვედი მოზარდი „ისლამური სახელმწიფო“-სგან იხსნეს

ერაყის ქურთისტანის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ ქურთთა შეიარაღებულმა ძალებმა შვედი მოზარდი „ისლამური სახელმწიფო“-სგან დაიხსნა.

16 წლის ახალგაზრდა ქურთთა კონტრტერორისტული დეპარტამენტის ძალებმა, 17 თებერვალს, „ისლამური სახელმწიფო“-ს მიერ დაკავებულ ქალაქ მოსულის სიახლოვეს დაიხსნა.

მთავრობის განცხადების თანახმად, გასულ წელს „ისლამური სახელმწიფო“-ს წევრმა გოგონა „შეცდომაში შეიყვანა“, რათა შვედეთიდან სირიაში გამგზავრებულიყო და შემდეგ ერაყის საზღვარი გადაეკვეთა.

შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გოგონას ოჯახმა დახმარება ქურთისტანის მთავრობას სთხოვა. ამჟამად ის ერაყის ქურთისტანშია და შვედეთში გაგზავნას ელოდება.