ახალმა მუქარამ „ისლამური ხალიფატიდან“, ქართულ ენაზე, საბოლოოდ დაადასტურა, რომ ისლამური რადიკალიზმი საქართველოში მხოლოდ, პანკისის ხეობის პრობლემა აღარ არის და ამ ბაცილამ სამწუხაროდ, უკვე საკმაოდ შეაღწია აჭარისა და გურიის მუსლიმ თემებშიც.
მუქარის ოთხივე ავტორი საქართველოს მოქალაქეა: 20 წლის როინ პაქსაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტიდან, 23 წლის მამუკა ანთაძე და 32 წლის ბადრი ირემაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალიდან და 22 წლის ხვიჩა გობაძე, ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდან.
12 წუთიან ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ სირიაშია ჩაწერილი, ეთნიკურად ქართველი ისლამისტები ღიად ემუქრებიან სამშობლოს, ქვეყანას სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, განათლება მიიღეს, მშობლები და ნათესავები დატოვეს.
ბადრი ირემაძე, რომელმაც გურიაში ორი თვის შვილი მიატოვა, ამბობს, რომ ისლამური ხალიფატი საქართველოში ძალიან მალე მოვა და ურწმუნოებს თავებს დააჭრის.
„დადგება სულ მალე ღმერთის წყალობით, თქვენი თავების დაჭრის დროც. თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ვართ საქართველოდან და ხალიფატი საქართველოში ვერ მოაღწევს. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს დრო ძალიან მალე მოვა, ძალიან მალე. ღმერთის წყალობით და ღმერთის კანონით განგსჯით და დაგსჯით!“
რამ აიძულა ეს ახალგაზრდები, რომლებიც სულ რაღაც ორი თვის წინ ჩვენი საზოგადოების წევრები იყვნენ, ხელში იარაღი აეღოთ და სირია-ერაყში, ცივსისხლიან მკვლელებს, ჯიჰადისტებს შეერთებოდნენ?
მიზეზები ტრადიციულად კომპლექსურია: ეს არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი: ოთხივე მათგანი ეკომიგრანტების ღარიბ ოჯახებში გაიზარდა; ეს არის რბილად რომ ვთქვათ, სუსტი საშუალო და რელიგიური განათლების პრობლემა; ეს არის წარუმატებლობა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. ერთი მათგანი მეუღლემ მიატოვა, მეორე სამსახურიდან გამოუშვეს, ორი საერთოდ უმუშევარი იყო;
და, რა თქმა უნდა ეს არის ქართველი მუსლიმების აღმსარებლობის უფლების უხეში დარღვევის უამრავი ფაქტი (ჭელას მეჩეთი, ნიგვზიანი, სამთაწყარო, მოხე, ადიგენი, წინწყარო და ა.შ).
თუმცა, ისლამური ხალიფატიდან მუქარისშემცველი გზავნილების ანალიზის შემდეგ, თეოლოგები ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ისლამის წმინდა წიგნის - ყურანის ტექსტების ექსტრემისტული ინტერპრეტაციის შესაძლებლობებზე.
როცა, იგივე ახალშენის მეჩეთში, სადაც პაქსაძე, ირემაძე და ანთაძე ლოცულობდნენ, ან თუნდაც, ქაიროში, სადაც გობაძემ ყურანი და არაბული შეისწავლა, იმამი მლოცველებს უკითხვას სურა 9:5-ს წმინდა წიგნიდან და პირდაპირ ეუბნება: „მოკალი კაფირი (ურწმუნო), სადაც კი იპოვი. ჩაიგდეთ ისინი ტყვედ, ალყა შემოარტყით მათ, ყველა მხრიდან იყავით ჩასაფრებულები“, სწორი თეოლოგიური განმარტების გარეშე, ეს მოწმუნემ შეიძლება პირდაპირ გაიგოს, როგორც ეს არაერთ ქართველ (და ევროპელ) ახალგაზრდას დაემართა.
ტატო ალექსიძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასპირანტი ამბობს, რომ ვინაიდან ყურანში არის ასეთი რადიკალური ტექსტები, აუცილებელია თავად მუსლიმური თემის შიგნით, აქტიური თეოლოგიური პოლემიკა:
„ისლამი, როგორც ეს არის ნაქადაგები ყურანში, პირველ რიგში, არის პოლიტიკური მოვლენა. ეს არის პოლიტიკური კატეგორია, პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა მუჰამადს, როცა იწერებოდა ეს ტექსტები და შესაბამისად, ეს არის საპროგრამო ტექსტი, იმ კონკრეტული ისტორიული ვითარებისთვის.
ეს პოლიტიკური მიზნები არ იყო მშვიდობიანი, ფაქტია, ხომ, თუ წაიკითხავთ ტექტს, აღმოაჩენთ, რომ ეს არ არის მშვიდობიანი ტექსტები, თუ ისლამს შევხედავთ, როგორც აი, ამ ტექსტზე დაფუძნებულ სწავლებას.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ცხადია არსებობს უზარმაზარი ტრადიცია, რომელიც ცდილობს ეს ექსტრემისტული პასაჟები, რომელიც უხვად არის ყურანში, რაღაცნაირად გაანეიტრალოს. ამის განეიტრალება კი ხდება თეოლოგიური საშუალებებით.
თუმცა, ძალიან ხშირად, როცა ხდება საშინელი ტერაქტები და მუქარა ისლამის სახელით, დაგმობა ისლამის სულიერი მამების მხრიდან ხდება სულ ერთი და იმავე სიტყვებით: რომ ისლამი არის მშვიდობის რელიგია, რომ ისლამი ამას არ ქადაგებს, თეოლოგიური პოლემიკა, აი, ამგვარ რადიკალურ გამოვლინებასთან, მე პირადად არ შემხვედრია.“
თუ პარიზის ტერაქტების შემდეგ, ხულოს მუფთმა ასლან აბაშიძემ ტერორიზმის დაგმობის შემდეგ, ტრადიციულად აღნიშნა, რომ „ისლამი მშვიდობის, ტოლერანტობის, მიმტევებლობის, ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის რელიგიაა“, „ისლამური ხალიფატის“ მიერ გუშინ გავრცელებული ქართულენოვანი ვიდეომუქარის შემდეგ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ პირველად აღიარა, რომ მორწმუნეებში ყურანის არასწორი გაგების პრობლემა ნამდვილად არსებობს.საქართველოს მუფთის მოადგილემ ადამ შანთაძემ დღეს კერძოდ ბრძანა
„ყურანის ცალკეული აიათების ციტირება ან თვით ამ აიათებიდან ამონარიდების ამოღება და მათი როგორც დამოუკიდებელი ტექსტების ციტირება, მით უმეტეს დასკვნების გამოტანა ყოვლად მიუღებელია. ვინაირად ყურანის მთელი ტექსტი წარმოადგენს ერთობლიობას და უნდა იქნას განხილული აიათების მოვლინების მიზეზი და ადგილი.“
ყურანის თარგმანი პირველად ქართულ ენაზე 1906 წელს შესრულდა, ოღონდ არა არაბული არამედ, ფრანგული ენიდან. ერთ-ერთი ვერსიით, ყურანის თარგმნა მაშინ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით მომხდარა.
ყურანის მეორე თარგმანი უკვე არაბული ენიდან, 2006 წელს პოეტსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის. მესამე თარგმანი კი 2012 წელს, თეოლოგმა რეზო მიქელაძემ, საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციის დაფინანსებით განახორციელა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებით, ძალიან სერიოზული პრობლემაა რომ ყურანის თანამედროვე განმარტებები და კომენტარები, ქართულ ენაზე, ამ დრომდე არ არსებობს. თუმცა, თეოლოგები ამ თემაზე უკვე მუშაობენ.