ის, რომ საქართველო დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მიმზიდველ რეგიონად რჩება, ამაზე 14 ივნისს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაც მეტყველებს. მაგრამ რამდენად შემოიფარგლება საქართველოს მოქალაქეების რადიკალიზაციის და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ მოხალისეებად გადინების პროცესი მხოლოდ პანკისის ხეობით? ვაშინგტონში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრობლემის გეოგრაფიული რადიუსი გაცილებით ფართოა.
მათ შორისაა ალექსანდრე მელიქიშვილი, რისკების უფროსი ანალიტიკოსი ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ორგანიზაცია „აი-ეიჩ-ესიდან“. „სამწუხაროდ ქართულ მედიაში არ არის ამ პრობლემის გაშუქება თუნდაც აჭარის კონტექსტში, ან აზერბაიჯანული დასახლებების კონტექსტში. თუმცა, არის მონაცემები იმის შესახებ, რომ გადინება აი, ამ რეგიონებიდანაც არის. ანუ კერძოდ, ვგულისხმობ მაგალითად, გარდაბანს, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს კახეთში, ისევე, როგორც აჭარას. ბათუმს კონკრეტულად ვგულისხმობ“ - აღნიშნავს ალექსანდრე მელიქიშვილი.
მაიკლ ჩეჩირე, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი თვლის, რომ მომიჯნავე აზერბაიჯანულ ტერიტორიაზეც მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს: „აზერბაიჯანის მოქალაქეები ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას და გადმოდიან საქართველოში, სადაც სულ ცოტა, დამალვას ახერხებენ... ის, რაც იქ ხდება, საქართველოსთვის ღრმა შეშფოთების საგანი უნდა იყოს. ამ თემაზე მედია უმეტესად დუმს, თუმცა განჯაში, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზეა, მეამბოხე სალაფისტთა საკმაო აქტივობა შეინიშნება და იქიდან ერაყში და სირიაში მეამბოხეები იგზავნებიან. ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ ისინი ზეწოლის გამო საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე გადმოვლენ“.
სირიაში და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სავარაუდო რაოდენობის დასახელებისგან ექსპერტები, როგორც წესი, თავს იკავებენ. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაერთიანებულ ქართველთა რიცხვი შეიძლება რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდეც კი იყოს.
ალექსანდრე მელიქიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლება უფრო პროაქტიული უნდა გახდეს და კოსმეტიკური ღონისძიებების ნაცვლად, პრევენციული ზომები გაატაროს. „ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ასე ვთქვათ, უკან დარჩენილი რეგიონი. ამას კიდევ ხელს უწყობს ისიც, რომ თურქეთთან ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს. ამ პრობლემების მოგვარების საწინდარი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა“.
მაიკლ ჩეჩირე დასავლეთის მიერ აპრობირებულ ეფექტურ ნაბიჯებზე საუბრობს და მათ შორის ასახლებს „ინტერვიუებს დაბრუნებულ მებრძოლებთან, რომლებიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ასეთები მეზობელ რეგიონებშიც არიან... მაგალითად ჩეჩნები, რომლებიც ერაყში იბრძოდნენ. მათ ფაქტიურად საზარბაზნე ხორცად იყენებდენ. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მოხალისედ წასვლის შემდეგ, ომარ შიშანივით ვილას არ მოგცემენ და არც ძეგლს დაგიდგამენ. ძალზე რთულ მდგომარეობაში, ღარიბი დაბრუნდები. მეტი შანსია ბრძოლის წინა ხაზზე გაგაგზავნონ და იქ დაიღუპო“ - აცხადებს ის.
მაიკლ ჩეჩირეს თქმით, დასავლეთში ასევე მაქსიმალურად ეწყობა ხელი ახალგაზრდა მუსლიმების საზოგადოებაში მეტ ინტეგრირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც. ცდილობენ ზოგადად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ არსის უკეთ განმარტებას, რელიგიური ვუალის ჩამოხსნას და მთავარი მიზნის - ერაყის ტერიტორიის კონტროლის და იქ იმპერიის შექმნის სურვილის - გამოააშკარავებას.