არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მონიტორინგის მისიის წევრთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ცალკეულმა ტენდენციებმა არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედა.
"დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები ამბობენ, რომ კვლავ ფიქსირდებოდა პრობლემური ფაქტები უბნების მიმდებარე ტერიტორიებზეც:
ასევე ნახეთ: ვინ ზეიმობს გამარჯვებას?"გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა ტრანსპორტირება საარჩევნო უბნამდე. საარჩევნო უბნების ნაწილთან აღინიშნებოდა პარტიის კოორდინატორთა, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა და/ან დაუდგენელ პირთა შეკრება, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში და/ან მის ფარგლებს გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჯგუფებად იმყოფებოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, იქ მყოფი პირები კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩევლებთან. უბნების ნაწილთან ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები. გამოვლინდა საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებისთვის ფულის გადაცემის შემთხვევები. დაფიქსირდა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც.
დამკვირვებლებმა მრავალჯერადი დარღვევები დააფიქსირეს მარნეულის ორ საარჩევნო უბანზეც, სადაც გამოვლინდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციამ აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა მოითხოვა.
- ხმების პარალელური დათვლის (PVT) წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.3% (+/-0.9% ცდომილების ხარისხით) შეადგინა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამისი მონაცემი 45.7% იყო.
- თბილისში, 20:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის წინასწარი მონაცემებით 48.6%-ია (+/-0.9% ცდომილების ხარისხით), რაც ასევე 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემზე, 43.4%-ზე მაღალია.
- წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 52.5% (+/-1.1% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც ასევე მეტია 2017 წელს, 20:00 საათისთვის დაფიქსირებულ ატივობაზე - 46.5%-ზე.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმ საუბნო საარჩევნო კომისიებში 104, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 95 საჩივარი შეიტანეს. ჩანაწერთა წიგნში კი 56 შენიშვნა დააფიქსირეს.