"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) დირექტორმა, ნინო დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში შემჩნეულ დარღვევებზე თბილისის დროით 16:00 საათისთვის ინფორმაცია გაავრცელა და შემთხვევები შეაჯამა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისთვის ფიქსირდება უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები. სხვანაირად, ეს არის კომისიის წევრების და უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მიერ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ვინაობისა და პირადი მონაცემების მონიშვნა. ამასთან, მისი თქმით კვლავ გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის ფაქტები — მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა/ზეწოლა. ხარვეზები დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებითაც.
დარღვევებს შორის, მთლიანობაში, დაფიქსირდა: უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვის 5, სიასთან და ბიულეტენებთან დაკავშირებული 11, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 2, მარკირების წესის დარღვევის 3 და დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების ერთი შემთხვევა.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონში ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველო არჩევნების მხრივ უკან დგამს ნაბიჯს