საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) საქართველოს ცენტრალური სააარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას 2017 წლის ჯო ბექსტერის სახელობის ჯილდო გადასცა. ჟვანიას ჯილდო ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.
"აი-ეფ-ი-ეს-ის" პრეზიდენტმა ბილ სვინიმ ჟვანიას მიერ გაწეულ სამუშაოებს "შთამბეჭდავი" უწოდა. "აღსანიშნავია მის მიერ გაწეული სამუშაოები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, ეს გამოიხატა გასული, დაძაბული, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და საქართველოს დემოკრატიული ტრანზიციის გაგრძელებაში," განაცხადა სვინიმ.
"ძალიან გახარებული ვარ "აი-ეფ-ი-ეს-ის" ჯო ბექსტერის ჯილდოს მიღებით. დიდი მიღწევები ადამიანების თანამშრომლობით ხდება შესაძლებელი, როცა საერთო მიზნის მისაღწევად ადამიანები ხედვას იზიარებენ. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩემი თანამშრომლების მიმართ, ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებას, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე," განაცხადა ჟვანიამ.
თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. "მისი ლიდერობით კომისიამ სანდო არჩევნები ჩაატარა და საარჩევნო მენეჯმენტის დახვეწა შეძლო. მის დანიშვნას მხარს უჭერდნენ მსხვილი პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო ჯგუფები," ნათქვამია "აი-ეფ-ი-ეს-ის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"აი-ეფ-ი-ეს-ის" ყოფილი მრჩევლის ჯო ბექსტერის სახელობის ჯილდო ყოველწლიურად არჩევნების სფეროში მომუშავე იმ პროფესიონალებს გადაეცემათ, ვინც წვლილი შეიტანა "საარჩევნო ადმინისტრაციის ოპტიმიზაციაში."
წარსულში ბექსტერის ჯილდო მიღებული აქვთ ავსტრალიის საარჩევნო კომისიის მეთაურს მაიკლ მელის, დანიის აარუსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორს ჯორგენ ელკლიტს, ესპანეთის საარჩევნო საკითხების ექსპერტს დოქტორ რაფაელ ლოპეზ-პინტორს.