თბილისში მდებარე ამერიკული ლაბორატორია რუსეთს ბიო-იარაღით ებრძვის?

ცოტა ხნის წინ ჟენევის ფორმატის ფარგლებში მონაწილე მხარეებთან შეხვედრის დროს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ “ლუგარის ლაბორატორია” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საშიში დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.

“სამხრეთ ოსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში ადამიანის და ცხოველებისთვის არა-დამახასიათებელი პანდემიური დაავადებების მომატებაში, ეგრეთწოდებულ, ლუგარის ლაბორატორიასთან და სამხრეთ ოსეთში საშიში პანდემიური დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით,” ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეს წმინდაწყლის სიცრუეა. ბრალდებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღი არ მზადდება.
ამირან გამყრელიძე

ეს განცხადება ერთ-ერთი ბოლოა ცხინვალის რეგიონის და კრემლის მაღალჩინოსნების მიერ გამოთქმული ბრალდებების სერიიდან, რომ საქართველო ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს და ამით რეგიონს საფრთხეს უქმნის. რუს ოფიციალურ პირებს არაერთხელ გაუჟღერებიათ ბრალდება, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორია” საიდუმლო სამხედრო ნაგებობაა, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი მზადდება. ამ მაღალჩინოსნების სიაში შედიან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს (ეფ-ეს-ბე) ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის სახელმწიფო სანიტარიის უფროსი ინსპექტორი გენადი ონიშენკო.

რა არის ლუგარის ლაბორატორია?

ამერიკის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი, აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები სიცრუეა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, ისინი ამბობენ, რომ ლუგარის ცენტრის მისია არის “საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება სამეცნიერო მეთოდებით, სამხილზე დაფუძნებული პრევენციით, საჯარო ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის მომზადებითა და მათზე დროული რეაგირებით.”

ამასთან, ისინი დასძენენ, რომ ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი ლაბორატორიაა, სადაც მუშაობა კვალიფიცირებულ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ. ლაბორატორიაზე დაკვირვება კი აშშ-ის და საერთაშორისო ჯანდაცვის მკაცრი სტანდარტებით ხორციელდება.

ლუგარის ცენტრს ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზანი არ აქვს. ის ექსკლუზიურადაა შექმნილი იმისთვის, რომ აწარმოოს დაავადებების მონიტორინგი. ლაბორატორია ინფექციურ დაავადებებზე დაკვირვების საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის მისიაც მომაკვდინებელი პათოგენებისგან და მათგან გამოწვეული დაავადებებისგან მსოფლიოს დაცვაა.
უოლტერ რიდის კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შემუშავების და დაავადებების გავრცელების ბრალდებას “წმინდაწყლის სიცრუეს” უწოდებს. ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ კომენტარში გამყრელიძემ “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ “ეს ბრალდებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღი არ მზადდება.” ლაბორატორიის უფროსმა მეცნიერმა ასევე დასძნა, რომ “საშიში პათოგენების გაჟონვის, გავრცელების ან დაკარგვის შემთხვევები არასოდეს დაფიქსირებულა და ლაბორატორიაში მომუშავე არც ერთი მეცნიერი არასოდეს დაინფიცირებულა საშიში პათოგენებით.”

ეგრეთწოდებული ლუგარის ლაბორატორია თბილისში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია, რომელსაც ამერიკის ყოფილი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი ჰქვია. მან მოქმედება 2013 წელს დაიწყო. ლუგარის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სისტემის ნაწილია და ის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის.

ცენტრი ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) 1991 წლის “საფრთხეებით შემცირების თანამშრომლობის პროგრამის” ფარგლებში დააფინანსა. ეს პროგრამა სენატორებმა სემ ნანმა და რიჩარდ ლუგარმა საკანონმდებლო ინიციატივით წამოიწყეს. მისი მიზანი ცივი ომის შემდეგ პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში მიმოფანტული მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლებლობების მშვიდობიანი სამეცნიერო მიზნებისთვის გადაკეთება იყო. ცენტრის უსაფრთხოების ინსპექციას ამერიკის არმიის უოლტერ რიდის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR) ატარებს.

ბიო-საფრთხე ლუგარის ცენტრამდე და მისი აშენების შემდეგ

უოლტერ რიდის კვლევითმა ინსტიტუტმა “ამერიკის ხმის” შეკითხვებს წერილობით უპასუხა. შეკითხვაზე მუშავდება თუ არა ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი ინსტიტუტი პასუხობს: “არა, ლუგარის ცენტრს ეს მიზანი არ აქვს. ის ექსკლუზიურადაა შექმნილი იმისთვის, რომ აწარმოოს დაავადებების მონიტორინგი. ლაბორატორია ინფექციურ დაავადებებზე დაკვირვების საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის მისიაც მომაკვდინებელი პათოგენებისგან და მათგან გამოწვეული დაავადებებისგან მსოფლიოს დაცვაა.”

ბეთ სკაგსი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ასევე უარყოფს ბრალდებას, რომ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს. ეს არის “ბიო-უსაფრთხოებისა და სპეციალიზირებული ლაბორატორიული ტესტირების საწვრთნელი ცენტრი, რომელიც მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. ლუგარის ცენტრი საქართველოს მასშტაბით ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენები მათი ინვენტარიზაციისა და უსაფრთხოდ შენახვის მიზნითაა მოთავსებული,” აცხადებს მეცნიერი.

ლუგარის ცენტის აშენებამდე, განსაკუთრებით საშიში პათოგენები საქართველოში, ძირითადად, 1937 წელს აშენებულ შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურში ინახებოდა. საბჭოთა მმართველობის დროს სადგურს მოსკოვი მართავდა, მისი დაშლის შემდეგ, ის განსაკუთრებით საშიში პათოგენების კვლევის ცენტრად გადაკეთდა. მოგვიანებით სადგური საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრად ჩამოყალიბდა.

შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურთან ერთად, საშიში პათოგენები რამდენიმე მიკრო-ბიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური პროფილის მქონე კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზეც იყო განთავსებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკიდურესად საშიში პთოგენების რამდენიმე ადგილზე შენახვა მათ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდა და შემთხვევითი გაჟონვის ალბათობას ზრდიდა. ლუგარის ცენტრი დღეს ის ნაგებობაა, სადაც ქვეყანაში არსებული ყველა საშიში პათოგენი ერთ ადგილზეა თავმოყრილი. ლაბორატორია კავკასიის რეგიონში ბიო-უსაფრთხოების მე-3 დონის მქონე ერთადერთი ნაგებობაა. ეს საერთაშორისო კლასიფიკაცია მხოლოდ იმ ნაგებობებს ეძლევა, რომლებიც უსაფრთხოების, დაცვის, ინჟინერიის და კონტოლის საერთაშორისოდ აღიარებულ მკაცრ სტანდარტებს იცავს მეცნიერების შემთხვევითი დაინფიცირების და პათოგენების გაჟონვის პრევენციის მიზნით.

რალდება: ლაბორატორია ვირუსებს და პათოგენებს ავრცელებს

ცხინვალს უახლეს ბრალდებაში არ დაუკონკრეტებია თუ რეგიონისთვის რომელ "არა-დამახასიათებელ" პანდემიურ დაავადებას “ავრცელებს” ლუგარის ლაბორატორია. თუმცა, წარსულში რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა უფროსმა გენადი ონიშენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აფხაზეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირებულ კოღოებს ავრცელებდა და ამით რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიურ ომს აწარმოებდა.

სამაუწყებლო კომპანია "BBC"-ის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შავ ზღვაზე ზიკას ვირუსით დაინფიცირებული კოღოების აღმოჩენა მას “ანერვიულებდა,” იმის გამო, რომ "იმ ადგილიდან 100 კილომეტრში, ჩვენს საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო, მიკრო-ბიოლოგიური ლაბორატორია მდებარეობს.”

ონიშენკოს ბრალდება არ დაუსაბუთებია და არც ის აუხსნია თუ როგორ გაავრცელა ლუგარის ლაბორატორიამ დაინფიცირებული კოღო აფხაზეთში და როგორ შეაჩერა ამ კოღოების საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელება იმის გათვალისწინებით, რომ კოღოები ტერიტორიულ ზღავრს არ აღიარებენ.

ბეთ სკაგსი ხსნის იმას, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ზიკა ან სხვა ვირუსი მათთვის უჩვეულო ადგილზე. მისი თქმით, “ფართოდ გავრცელებული ფრენებისა და გლობალური ვაჭრობის გამო, დაავადებისგან მხოლოდ ერთი ფრენა გვაშორებს.” მისივე თქმით, “უცხო ქვეყნებიდან ხალხის შემოსვლა, ზოგჯერ დაავადებების იმპორტს უწყობს ხელს, ისეთის როგორიცაა მაგალითად, დენგეს ცხელება, რომელიც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის.”

ბრალდება: ლაბორატორია ამერიკის საიდუმლო სამხედრო ნაგებობაა

გარდა იმისა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები ლაბორატორიას ბიოლოგიური ომის წარმოებაში ადანაშაულებენ, ისინი ასევე აცხადებენ, რომ ლაბორატორია რუსი მეცნიერებისთვის დახურულია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატები მტრულ მოქმედებებში დაადანაშაულა. ამის საფუძვლად ის დაასახელა, რომ ამერიკა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში სამეცნიერო პროგრამების შემოწმების ერთობლივი მექანიზემის შემუშავებაზე უარს ამბობდა. ლავროვმა თქვა, რომ ეს “კვლევითი პროგრამები ძირითადად, ბიოლოგიის დარგშია,” რაც ქმნის ეჭვს, რომ ისნი "ბოლომდე მშვიდობიანი არ არის.”

ლაბორატორიის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე უარყოფს ლავროვის განცხადებას რუსი მეცნიერების ლაბორატირიაში დაშვებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. “ეს ღია კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც წმინდა სამეცნიერო საქმიანობას ეწევა და ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებზე ზრუნავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ მიიწვია ლუგარის ცენტრში. სამწუხაროდ, მათ დღემდე არ გამოუხატავთ ჩამოსვლის სურვილი,” ამბობს გამყრელიძე. თუმცა, მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში რუსი მეცნიერები არაერთ პროქეტზე მუშაობდნენ.

ოფიციალური მოსკოვი საქართველოდან გაგზავნილ მოწვევებს არ პასუხობს, მაგრამ რუსული მედია ლაბორატორიით არაერთხელ დაინტესესდა. “მათი მოთხოვნის საფუძვეზე, ჩვენ რუსული მედიის წარმომადგენელებს ლაბორატორიაში სამჯერ ვუმასპინძლეთ. მათ გადაიღეს სამუშაო პროცესი, ჩაწერეს ინტერვიუები, მაგრამ მხოლოდ ერთმა არხმა “როსია 24” გადასცა სიუჟეტი,” თქვა გამყრელიძემ.

სერგეი ლავროვი

რუსეთის ოფიციალური პირები ლუგარის ცენტრზე იმასაც ამბობენ, რომ ის პენტაგონის საიდუმლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია, რომლითაც ამერიკა საშიში იარაღის ლაბორატორიებით რუსეთის ფედერაციის გარშემორტყმას ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშრებით განცხადებაც კი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს და ამერიკის მთავრობები ცდილობენ დამალონ ამერიკის არმიის ამ დანაყოფის ნამდვილი შემადგენლობა და საქმიანობის მიმართულება, რაშიც განსაკურებით საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაც შედის,” ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ისევე როგორც სხვა ბრალდებების შემთხვევაში, არც ეს განცხადება ეფუძნება ფაქტებს. გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ცენტრში, როგორც წარსულში, ასევე დღეს, მიმდინარეობს არაერთი “ერთობლივი კვლევითი პროექტი, რომელშიც გერმანელი, ნორვეგიელი, და სხვა ევროპელი მეცნიერები მონაწილეობენ. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მეცნიერები, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა, რამდენიმეჯერ იყვნენ ლუგარის ცენტრში კვლევით პროექტებზე სამუშაოდ.”

ამერიკის უოლტერ რიდის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმას” წერილობით დაუდასტურა, რომ “ამერიკის, საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი მეცნიერები თანამშრომლობით და გამჭვირვალე გარემოში მუშაობენ ერთი მიზნით, რომ უახლესი სამეცნიერო მეთოდების შემუშავებით, მსოფლიო საშიში დაავადებებისგან დაიცვან.”

რაც შეეხება ქსელს, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საუბრობდა, ის უოლტერ რიდის კვლევით ინსტიტუტის პარტნიორი ლაბორატორიებია, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და მხოლოდ რუსეთის გარშემო მდებარე ქვეყნებით არ შემოიფარგლება. გარდა ამისა, ეს ღია ლაბორატორიებია, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტებზე მუშაობს.

ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა ინსტიტუტს ტაივანთან აქვს (1960 წლიდან). ფილიპინები, კამბოჯა, ნეპალი, კენია, ნიგერია, უგანდა და ტანზანია ასევე მასპინძლობენ საერთაშორისო მეცნიერებს, რომლებიც მალარიის, შიდსის და სხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს იმუშავებენ.

“ამერიკის ხმის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლუგარის ცენტრი არ არის სამხედრო ნაგებობა, რომლის მიზანიც ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის წარმოებაა. ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს არ აწარმოებს.

გარდა ამისა, ლუგარის ცენტრი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პარტნიორი ღია დაწესებულებაა, სადაც მუშაობა კვალიფიცირებულ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, რუსეთიდანაც შეუძლიათ. შესაბამისად, რუსეთის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ბრალდებები ლაბორატორიის მიერ მტრული საქმიანობის წარმოების შესახებ უსაფუძვლოა და სიცრუეს წარმოადგენს.

სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნდა Polygraph.info-ზე.