ალ-ყაიდა ერაყს და მის მეზობლებს საფრთხეს უქმნის

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ერაყში იერიშების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერაყში მზარდი ძალადობის ფონზე, ალ-ყაიდა ქვეყანას და მის მეზობლებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. ბრეტ მაკგურკი, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერაყის და ირანის საკითხებში წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარსდგა და განაცხადა, რომ ერაყში იერიშები გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ჩვენი შეფასებით, თითქმის ყველა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმა მიეწერება დაჯგუფებას - ერაყის და ლევანტის ისლამური სახელმწიფო. თითქმის ყველა მოიერიშე უცხოელია, რომელიც ერაყში სირიის მხრიდან შედის. მეტი თვალსაჩინოებისთვის: თუკი 2012 წლის ნოემბერში ერაყში 3 თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აქტი დაფიქსირდა, 2013 წლის ნოემბერში მათი რიცხვი 50-ს აღწევდა“ - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

გუშინ ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს რამდენიმე მანქანის აფეთქებაში სულ მცირე, 5 ერაყელი დაიღუპა. გასულ თვეში ერაყში ძალადობამ 1 000 ადამიანი შეიწირა, ბოლო წლის განმავლობაში კი მათი რაოდენობა 9 ათასს აღწევს.