31 აგვისტოს პრეზიდენტი ობამა ერაყის ომთან დაკავშირებით მიმართვით გამოვა. 31 აგვისტო აგრეთვე ერაყიდან შეერთებული შტატების საბრძოლო შენაერთების გაყვანის თარიღს წარმოადგენს. 2011 წლის ბოლომდე ქვეყანაში 50,000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებსაც მხოლოდ არასაბრძოლო ფუნქციების შესრულება დაეკისრებათ. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შემცირება ერაყის მიმართ ამერიკის სტრატეგიის შეცვლას ასახავს. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, სამხედრო სტრატეგია დიპლომატიური მიდგომით შეიცვლება. მაგრამ ერაყში მდგომარეობა კვლავინდებურად არასტაბილურია და მთავრობა დღემდე არ ჩამოყალიბებულა, რაც ბევრ კითხვას ბადებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ეფექტური იქნება შეერთებული შტატების დიპლომატიური ჩარევა.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ ერაყისადმი შეერთებული შტატების მიდგომა სამხედროდან დიპლომატიურზე გადადის, რასაც ქვეყანაში, ვაშინგტონის გათვლით, სტაბილურობა უნდა მოჰყვეს. შეერთებული შტატების საელჩო ბაღდადში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. ვაშინგტონი საკონსულოების გახსნას ერაყის ოთხ სხვა ქალაქში აპირებს. ჩრდილოეთ ერაყის ქურთებით დასახლებულ ქალაქ ერბილში ამერიკელი დიპლომატები არაბ-ქურთული დაძაბულობის განმუხტვას შეეცდებიან. ხოლო ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში ნავთობის საბადოებით მდიდარ რეგიონში ამერიკულ საკონსულოს ნავთობმომპოვებელი კომპანიების ოპერაციების ხელშეწყობა დაევალება.
აგვისტოს მანძილზე ერაყს ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. მანალ ომარი შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში ერაყის პროგრამას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ერაყელებს ადარდებთ ის, თუ რა მოხდება ქვეყანაში ამერიკელების გასვლის შემდეგ.
„მათ ესმით, ის რასაც ობამა ამბობს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ჯარების მნიშვნელოვან შემცირებას ხედავენ და ამდენად მათ მისი სიტყვების არ სჯერათ. ერაყელებისთვის ეს ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. საშუალო ერაყელი ფიქრობს, ‘მიგვატოვებენ თუ არა ამერიკელები?’“ აღნიშნავს მანალ ომარი.
ერაყში დარჩენილ 50,000 ამერიკელ ჯარისკაცს ამერიკელი სამოქალაქო პირების დაცვა, მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარება და ერაყის უშიშროების ძალების მომზადება დაევალება.
2011 წელს კი ერაყიდან ისინიც გამოვლენ. მაგრამ ერაყში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მთავარსარდალი გენერალი რეი ოდიერნო აღნიშნავს, რომ ზოგიერთი დანაყოფი ერაყში შეიძლება უფრო მეტ ხანს დარჩენს.
კენ პოლაკი ბრუკინგსის ინსტიტუტში ერაყის საკითხების ექსპერტია. მისი თქმით, ერაყელების ერთ ნაწილს სურს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ქვეყანაში დარჩეს.
„იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ამერიკელები ქვეყანას ტოვებენ, მათ სამხედრო ძალები გამოჰყავთ და, რომ მათ თითქოს საერთოდ არ ადარდებთ ის თუ რა მოხდება ერაყში. ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რომელიც ერაყელებს შორის ნამდვილ შიშს იწვევს. ამჟამად ყოველ ერაყელს სურს, რომ შეერთებული შტატები ქვეყნიდან გავიდეს, მაგრამ იმავდროულად მათ ძალიან ეშინიათ, რომ ეს მართლაც მოხდება,“ აღნიშნავს პოლაკი.
შეერთებული შტატების მცდელობებს მნიშვნელოვნად ართულებს ის, რომ ერაყში დღემდე მთავრობა არ შექმნილა. პრემიერ მინისტრ ნური ალ-მალიკისა და ყოფილ პრემიერ მინისტრს აიად ალავის ახალი მთავრობის შექმნა ძალიან გაუჭირდათ. აღსანიშნავია, რომ ბატონ ალავის პარტიამ მიღებული ხმების მცირეოდენი უპირატესობით მარტში გამართული საპარლამენტო არჩევნები მოიგო.
პოლაკი ახლახან ერაყელ ოფიციალურ პირებს შეხვდა. მას მიაჩნია, რომ ერაყის პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული დაპირისპირება მალე არ დამთავრდება.
„ლიდერებს სჯერათ, რომ არჩევნებში მოპოვებულმა ხმებმა მათ ქვეყნის მართვის უფლება მისცა. მაგრამ, რასაკვირველია, გაურკვეველია ის, თუ ვის ეკუთვნის ეს უფლება ან როგორ იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა ქვეყნის წინ წაწევის მიზნით. არავის გააჩნია მკვეთრად გამოკვეთილი იდეა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოეღოს ბოლო ამ დაპირისპირებას,“ აღნიშნავს პოლაკი.
მანალ ომარი კი დასძენს, რომ შეერთებული შტატები ერაყელების მხარდაჭერას ქვეყანაში საყოფაცხოვრებო და კომუნალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებით თუ მიაღწევს.
„ხალხში დიდი უკმაყოფილება შეინიშნება იმის გამო, რომ კომუნალური მომსახურება ძალიან ცუდია. ერაყელებს უკვირთ, რომ ქვეყანაში დღემდე ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება გართულებულია. ისინი პასუხს შეერთებული შტატებისგან ელიან. ვფიქრობ თუ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მდგომარეობა ამ სფეროში გაუმჯობესდა, მაშინ ერაყელ ხალხთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,“ დასძენს მანალ ომარი.
2011 წლის ოქტომბერისთვის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ერაყის პოლიციის მომზადება დაეკისრება.
მაგრამ ერაყში დიპლომატიური ძალისხმევის გაზრდისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს კონგრესისგან დამატებითი ფულის გამოყოფა დასჭირდება. ამისთვის კი საჭირო იქნება, რომ ამერიკელი კანონმდებლები დარწმუნდნენ, რომ დიპლომატიურ საქმიანობაზე დანახარჯების გაწევა უფრო იაფი იქნება ვიდრე სამხედრო ოპერაციების დაფინანსება.