ერაყში ქალთა უფლებების დამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში ქალების მდგომარეობაზე და მათ მომავალზე. 1980-ან წლებში დაწყებული სექტარული ძალადობის შემდეგ ქვეყანაში ომის დაღი თითქმის ყველა ოჯახს დაეტყო. რთული იქნება ერაყში ისეთი ადამიანის მონახვა, რომელსაც ნათესავი არ ჰყავს ომში დაღუპული.
ერაყში ქალებს განსაკუთრებით დიდი როლი აკისრიათ საზოგადოებრივი ღირებულებების შენარჩუნებასა და შთამომავლობისთვის გადაცემაში. სწორედ ამის გამო, მათ ოჯახზე ზრუნვა მოეთხოვებათ ნებისმიერ ვითარებაში.
ომში მამაკაცების დაღუპვასთან ერთად, რთულდება ქალების მდგომარეობაც. ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ერაყელ ქალებს მიაჩნიათ, რომ სექტარული დაპირისპირება მომავალშიც გაგრძელდება და მთავრობა მის გადაწყვეტას ან შემსუბუქებას ვერ შეძლებს.