თეირანი გარკვეულ დათმობაზე მიდის

ბირთვულ თემაზე მოლაპარაკებები ხანგრძლივი პროცესი იქნება
ირანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უახლოეს კვირებში გაეროს ინსპექტორებს ვერ დაუშვებენ მძიმე წყლის ახალ რეაქტორთან.

ირანის ბირთვული დეპარტამენტის პრეს-მდივანმა სამთავრობო ახალი ამბების სააგენტო „ირნა“-ს უთხრა, რომ თეირანი აპირებს დაუშვას გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო არაკის რეაქტორთან, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ, რომელიც 11 დეკემბერისთვისაა დაგეგმილი.

თუმცა ბეჰრუზ კამალვანდიმ დასძინა, რომ ასეთი ინსპექციის დეტალები ჯერ კიდევ მოსალაპარაკებელია.

ირანში გამართული შეხვედრების შემდეგ, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი იოკიო ამანო სამშაბათს ვენაში ჩავიდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროგრესი მოხდა, მაგრამ მოელის, რომ ბირთვულ თემაზე მოლაპარაკებები ხანგრძლივი პროცესი იქნება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ირანსა და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შორის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ხოლო ბირთვული საკითხი ძალიან რთულია. ჩვენ არ მოველით, რომ ყველაფერი უცბად გადაწყდება. ამიტომ მივმართეთ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლის მეთოდს. სხვა საკითხებს, რომლებზეც ამჯერად ვერ შევთანხმდით, მომავალში დავუბრუნდებით.“