საერთაშორისო ექვსეული ირანს ურანის გამდიდრების შეჩერებას ითხოვს
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, საერთაშორისო ექვსეულმა მოსკოვში ირანის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში რუსეთის დედაქალაქიდან მაიკლ მანმა აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და პლუს გერმანია იმედოვნებენ, რომ ირანთან მოლაპარაკება საბოლოოდ შედეგიანი აღმოჩნდება. მსგავსი ფორმატის შეხვედრა ერთი თვის წინ ბაღდადში გაიმართა. დასავლეთის ქვეყნების პოზიციას მოსკოვში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ქეთრინ ეშტონი წარმოადგენს. დასავლეთი ირანს ურანის გამდიდრების შეჩერებას სთხოვს. ასევე თეირანს მოუწოდებენ, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი ქვეყნიდან გაიტანოს და მიწისქვეშა ბირთვული ობიექტები დახუროს. ირანის ლიდერები წინა მოლაპარაკებებზე ამ შეთავაზებას უარყოფდნენ.