ზარიფის თქმით, ირანი ბირთვული პროგრამის მეტი გამჭვირვალობისთვის მზადაა

ირანული მხარისგან არის იმის მინიშნებები, რომ ქვეყანა მზადაა ტრამპის ადმინისტრაციასთან შექმნილი დაძაბულობის განსამუხტად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეირანი თანახმაა უფრო გახსნილი იყოს მისი ბირთვული პროგრამის შემოწმების მსურველთათვის, თუკი ვაშინგტონი მის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს გააუქმებს. თუმცა ზარიფის შეთავაზებას, რომელსაც ის მნიშვნელოვან ნაბიჯად ახასიათებს, არც ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ.

ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობენ: "პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მას სურს ირანელ ლიდერებთან საუბარი".

ვაშინგტონი ცდილობს აიძულოს თეირანი, დათანხმდეს უფრო მკაცრ ლიმიტებს მის ბირთვულ შესაძლებლობებზე, შეაჩეროს ბირთვული პროგრამა და შეწყვიტოს რეგიონში სხვადასხვა დაჯგუფების დაფინანსება.