ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „პატივისცემა სცადოს“ იმის ნაცვლად, რომ მუქარებით ისაუბროს.
მოჰამად ჯავად ზარიფი ტრამპის მიერ კვირა საღამოს „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ გზავნილზე საუბრობდა, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ „თუ ირანს ბრძოლა უნდა, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება. აღარასდროს დაემუქროთ შეერთებულ შტატებს!“
ზარიფის თქმით, ტრამპი ზეწოლის ქვეშაა ჯგუფისგან, რომელშიც მისი ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯონ ბოლტონი და ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შედიან. მისივე თქმით, მათ იმის მიღწევა სურთ, რასაც „სხვა აგრესორებმა ვერ მიაღწიეს.“ „ირანელები ამაყად დგანან ათასწლეულის მანძილზე, აგრესორები კი აღარ არიან. ეკონომიკური ტერორიზმი და გენოციდური შევიწროვება ირანს ვერ დაამთავრებს,“ თქვა ირანის პირველმა დიპლომატმა.
კვირას გამოქვეყნებულ გზავნილამდე, გასულ კვირას, პრეზიდენტმა ტრამპმა თითქოს შეარბილა ირანის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ხუთშაბათს, თეთრ სახლში ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, იწყებს თუ არა ამერიკა ომს ირანთან, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა „იმედი მაქვს, არა.“