ირანში, თვითმფრინავის ჩამოგდების საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ
თეირანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, სამართლიან გამოძიების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობენ.
თვითმფრინავის დაღუპულ 176 მგზავრს შორის, ირანელი სტუდენტებიც იყვნენ.
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, ბოლო სატელევიზიო მიმართვისას, თვთმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა და განაცხადა, რომ ირანის მიმართ მთელი სამყაროს ყურადღებაა მიმართული, ამიტომ ეს „ტრაგიკული შემთხვევა“ საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ.
განცხადება გააკეთა ირანის სასამართლოს სპიკერმაც. მისი თქმით, თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, რამდენიმე ადამიანია დაკავებული. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანია დაკავებული, ვინ არიან ისინი და რა როლი ჰქონდათ თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა, 176-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წარმომადგენლები დაიღუპნენ. სამგზავრო ლაინერის ჩამოგდებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ოფიციალურმა თეირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავი თავად ჩამოაგდეს და ეს „ადამიანური შეცდომა“ იყო.