ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს ხვდება, რათა ირანის მიერ ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების საკითხზე იმსჯელოს.
პოტენციურ საპასუხო ნაბიჯებს შორის, თეირანისთვის სანქციების დაწესება განიხილება.
აუდიო ჩანაწერში, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების რიკსებზე მომუშავე კომპანიამ "დრიად გლობალმა" გაასაჯაროვა, ისმის, რომ ბრიტანეთის საბრძოლო ნავი, ირანის საპატრულო ნავს ნავთობტანკერის “სტელა იმპეროს” ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად გატარებისკენ მოუწოდებს. ჩანაწერში ისმის როგორ ეუბნება ბრიტანეთის ფლოტის ოფიცერი ბრიტანულ ტანკერს, რომ ის საერთაშორისო წყლებში მოძრაობს და ის უნდა გაატარონ.
ბრიტანელი ოფიცერი, ირანელებს მიმართავს “გთხოვთ დაადასტუროთ, რომ არ გეგმავთ საერთაშორისო კანონის დარღვევას და არაკანონიერად “ემ-ვი სტენას” დაკავების მცდელობას”.
თუმცა ირანელი ოფიცრები ტანკერს უცხადებნენ, რომ უკან გაბრუნებულიყო. ისინი აცხედებენ, რომ ტანკერი მეთევზეთა ნავს შეეჯახა. ტანკერის დასაკავებლად, ირანის რევოლუციური გვარდიის დესანტი ტანკერზე ვერტმფრენიდან დაეშვა.
თეირანის ქმედება, გასულ კვირას გიბრალტარის სანაპიროსთან ირანული სუპერ-ტანკერის დაკავებას მოჰყვა, რომელზეც ორი მილიონი ბარელი კონტრაბანდული, სავარაუდოდ, ირანული ნავთობი იყო დატვირთული. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითების მიერ გემის დაკავება, რომელიც სირიისკენ მიემართებოდა, ამერიკის თხოვნით მოხდა.
ბრიტანეთმა ტანკერის დაკავებას “მტრული ქმედება” უწოდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, ბრალი თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველს ჯონ ბოლტონს დასდო ირანთან დაპირისპირების გაღვივებაში.
აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმება, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა.
ირანს ტანკერის ეკიპაჟი კლავ დაკავებული ჰყავს, მასზე ინდოეთის 18 მოქალაქე, სამი რუსი, ლატვიელი და ფილიპინელი იმყოფებოდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.