ირანულ-თურქული დაძაბულობა

ირანის პრეზიდენტმა თურქეთში რელიგიურ ფესტივალზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა ირანის განცხადება, რომელიც თურქეთში ნატოს მიერ პატრიოტის ტიპის რაკეტების განთავსებას უკავშირდება. ალიანსის ამ გადაწყვეტილებამ ანკარასა და თეირანს შორის დაძაბულობის ახალი მუხტი შეიტანა. მათ შორის ურთიერთობა სირიის კრიზისის გამო ისედაც უარყოფით რელსებზე იყო გადასული. დეტალებს სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
სამშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ უარყო ირანის შეშფოთება თურქეთ-სირიის საზღვართან ნატოს რაკეტების განლაგების თაობაზე.
მისი თქმით, ალიანსის გადაწყვეტილების გაკრიტიკების ნაცვლად ირანმა უმჯობესია სირიის მთავრობას ურჩიოს, რათა დამასკომ საკუთარი ხალხის ჩაგვრა და თურქეთის საზღვარზე პროვოკაციები შეწყვიტოს. თეირანმა ნატოს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო. კერძოდ, ირანის შეიარაღებული ძალების სარდალმა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე გააკეთა განცხადება. ასევე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თურქეთში რელიგიურ ფესტივალზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სირიის კონფლიქტმა გააუარესა. თურქეთი, როგორც ცნობილია, სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს, ხოლო თეირანი პრეზიდენტ ასადს.
სინან ულგენი სტამბოლში მდებარე კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია.
„თურქეთს სურს სირიის საკითხი ირანთან განიხილოს, რადგანაც ასადის რეჟიმისადმი ირანის მხარდაჭერის მიუხედავად, უამრავი საკითხია, რომელიც მათ ერთობლივ ინტერესს წარმოადგენს პოსტ--ასადისეულ პერიოდში,“ - აცხადებს სინან ულგენი.
აჰმადინეჟადის ვიზიტის გაუქმებაზე ოფიციალურ თეირანს კომენტარი არ გაუკეთებია. მურატ ბილჰანი თურქი დიპლომატია, რომელიც ირანში მუშაობდა.
„პირველ რიგში მას შესაძლოა შიდა მიზეზები ქონდა. რადგანაც არსებიბს გარკვეული ინტერესები სამხედრო ისტებლიშმენტის და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხრიდან, რომლებმაც თურქეთის მიმართ მუქარა გამოხატეს. ამდენად, შესაძლოა მასზე იყო ზეწოლა რომ არ წასულიყო თურქეთში,“ - ამბობს მურატ ბილჰანი.
თურქეთის პრემიერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ირანის პრეზიდენტს თავის დროზე მეგობარი უწოდა, თუმცა სირიის საკითხმა მათ შორის ვითარება დაძაბა.
ანალიტიკოსი ულგენი ფიქრობს, რომ 2013 წლის არჩევნებში ირანში ისეთი კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უფრო მეტად კონსერვატიული იქნება და სულიერ ლიდერთან უფრო მჭიდრო კავშირი ექნება. მანამდე კი ანკარასა და თეირანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად იძაბება. ანკარაზე ვაშინგტონის ზეწოლაც მოქმედებს, რომელიც თურქეთის მთავრობისგან ირანზე ენერგო სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის მიზეზი კი ირანის ბირთვული პორგრამაა.