ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ თეირანი ფორდოს ბირთვულ რეაქტორზე ცენტრიფუგებში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებს. ეს თეირანის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია, რომელიც 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს არღვევს.
როჰანის თქმით, ურანის გაზის შეყვანა 1044 ცენტრიფუგაში ოთხშაბათს დაიწყება.
2015 წელს მიღწეული შეთანხმების პირობების თანახმად, რომელსაც ირანთან ერთად ხელი შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ მოაწერა, ფორდოს რეაქტორი კვლევითი ნაგებობა უნდა ყოფილიყო. შეთანხმების საფუძველზე, ნაგებობის ცენტრიფუგების ექვსი კასკადიდან მხოლოდ ორს უნდა ეტრიალა და ისიც ურანის გარეშე.
თეირანი აცხადებს, რომ დღეს არსებული შესაძლებლობებით ირანს 50-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია ურანის გამდიდრება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკა 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებიდან შარშან გამოიყვანა და ირანს ის ეკონომიკური და ფინანსური სანქციები აღუდგინა, რომლებიც თეირანს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე ჰქონდა დაწესებული. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის ნაწილად გამოაცხადა.