ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ თეირანს არ მიუღია მონაწილეობა "ჰამასის" - პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფების - მიერ ისრაელზე მიტანილ შეტევაში. თუმცა, აიათოლა ალი ხამენეი ასევე მიესალმება ისრაელის სამხედრო დაზვერვის "გამოუსწორებელ" დამარცხებას.
„ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმას გეგმავდა“ - თქვა ხამენეიმ თავის პირველ სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც ისრაელში 7 ოქტომბრის დილით განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაიცა. ირანის უზენაეს ლიდერს დღეს, 10 ოქტომბერს გაკეთებულ გამოსვლაში პალესტინელთა ყელსახვევი ჰქონდა მოსხმული.
ასევე ნახეთ: "როიტერის" ცნობით, ყატარი "ჰამასსა" და ისრაელს შორის შუამდგომლობს„ამ დესტრუქციულმა რყევამ გაანადგურა ზოგიერთი კრიტიკული სტრუქტურა, რომლებიც ადვილად აღარ აღდგება... სიონისტური რეჟიმი საკუთარი ქმედებებით თავადაა დამნაშავე ამ კატასტროფაში“ - განაცხადა ხამენეიმ.
ისრაელი დიდი ხანია ირანს და მის სასულიერო ლიდერებს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" შეიარაღებაში და მათ მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებში ადანაშაულებს. თეირანი, რომელიც ისრაელს დღემდე არ ცნობს, ამბობს, რომ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ჯგუფს, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს.
პალესტინელთა მხარდაჭერა 1979 წლის რევოლუციის პერიოდიდან მოყოლებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთვარ საყრდენს წარმოადგენს. შიიტებით დომინირებულ სახელმწიფოს სურს თავი მუსლიმური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს.