ავსტრიის დედაქალაქში ალი ბაღერი ყანი ჩავიდა. ის ირანის დელეგაციის ხელმძღვანელია, რომელიც ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით დაწყებული მოლაპარაკების, მორიგ რაუნდში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას თეირანი ავრცელებს. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ISNA ცნობით, ყანი ვენაში დღეს ჩაფრინდა.
ასევე ნახეთ: ამერიკა ირანს აფრთხილებს, რომ ბირთვული შეთანხმებისთვის დრო იწურება2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, თეირანს სანქციები მოუხსნეს, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვული აქტივობა უნდა შეეზღუდა. 2018 წელს, თეირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თეირანს სანქციებიც განუახლდა. მას შემდეგ ირანმა ბირთვული აქტივობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ირანთან შეთანხმების აღსადგენად, მოლაპარაკება ვენაში გასული წლის აპრილში დაიწყო. აქამდე მოლაპარაკება უშედეგოდ მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დღეებში იკვეთება ნიშნები, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
თუმცა, მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, ბოლო წუთში რუსეთის მოთხოვნამ გაართულა. მოსკოვმა ვაშინგტონს მოსთხოვა, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციები არ შეეხოს ირანთან მის ურთიერთობებს. ამან გაზარდა შიშები, რომ ეს მოსკოვს მისცემს გზას აირიდოს თავიდან დაწესებული სანქციების ნაწილი.
დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც 2015 წლის შეთანხმებაში მონაწილეობდნენ, გუშინ რუსეთს ბრალი დასდეს იმაში, რომ ის ძირს უთხრის ირანთან მოლაპარაკებაში ბოლო დღეებში მიღწეულ პროგრესს. ესენი არიან: შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.