ირანი რუსეთს და ამერიკას თეირანსა და ანკარას შორის მიღწეული გარიგების მიღებისკენ მოუწოდებს. დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ბირთვული საწვავის გაცვლის შეთანხმების მიღება პრეზიდენტი ობამასთვის კარგ შანსს წარმოადგენს. ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მხარდაჭერის გამო აჰმადინეჟადმა რუსეთიც გააკრიტიკა. გასულ ორშაბათს ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახსნა-განმარტების წერილი წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ თეირანი ატომური რეაქტორისთვის აუცილებელი ხარისხით გამდიდრებული ურანის სანაცვლოდ, თურქეთში დაბალი ხარისხით გამდიდრებულ ათას ორას კილოგრამ ურანს გაგზავნის. გუშინ პეკინში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ ზემოთქმული გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებისგან თავის არიდება ირანს მხოლოდ პროცესის გამჭვირვალეობით ძალუძს.