ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის მიწისქვეშა ბირთვულ დაწესებულებაში ურანის გამდიდრების პროგრამა განახლდა. ეს 2015 წელს მსოფლიო ლიდერებთან მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა, რომელმაც შესაძლოა ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმები ამერიკის შეთანხმებაში დაბრუნების თაობაზე, შეცვალოს.
ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც, რომელიც ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ბირთვული იარაღის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია და ისრაელი არ შეეგუება თეირანის მიერ ამგვარი შესაძლებლობების გაძლიერებას. თეირანში კი ქვეყნის სამხედრო ლიდერები ამბობენ, რომ ისრაელის ან ნებისმიერი სხვა მხარის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას მკაცრ პასუხს გასცემენ.
ნოემბერში გაეროს ატომური ენერგიის საგენტომ დაადასტურა ცნობები, რომ ირანმა მიწისქვეშა ობიექტებზე განლაგებული ცენტრიფუგები აამუშავა, მაგრამ სააგენტო აცხადებდა, რომ ურანის გამდიდრების ზოგადი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
ასევე ნახეთ: ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს თავი აარიდონ საქართველოში, აზერბაიჯანსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში მოგზაურობასდონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ირანს 2015 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ და ვაშინგტონმა ე.წ. "ბირთვული შეთანხმება" 2018 წელს ოფიციალურად, ცალმხრივად დატოვა. შესაბამისად, კვლავ ამოქმედდა და გაფართოვდა ამ დარღვევებისთვის შეთანხმებამდე არსებული სანქციები.
ირანის მიერ ურანის 20%-მდე გამდიდრების პროცესის დაწყებას ადასტურებს გაერთიანებული ერების შესაბამისი სააგენტოც.
ირანი ამტკიცებს, რომ ამ პროცესს შეწყვეტს, თუკი ამერიკა მას სანქციებს მოუხსნის. ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ამერიკა ხელშეკრულებას დაუბრუნდება, თუკი ირანი შეთანხმების პირობების შესაბამისად მოქმედებას დაიწყებს. ბაიდენის გუნდს ამ მოვლენებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ამავე დროს ამერიკის ხელისუფლებამ ირანის ფოლადის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ პირებზე და ორგანიზაციებზე ახალი სანქციები დაუწესა. ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, შავ სიაში ათზე მეტი ორგანიზაცია და ერთი პირი მოხვდა.