რუსმა და ირანელმა ინჟინრებმა ირანის პირველ ატომურ ელექტრო სადგურში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა შაბათს დაიწყეს. რეაქტორი ირანის სამხრეთში, ქალაქ ბუშერში მდებარეობს. როგორც ირანელი ასევე რუსი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის მუშავდება. მსოფლიო საზოგადოებაში კი ირანის პროგრამას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს.
რუსეთმა და ირანმა დაიწყეს ბუშერის ბირთვული ელექტრო სადგურის ფიზიკურად ამუშავების პროცესი, განაცხადა რუსეთის ბირთვული პროგრამის დირექტორმა ბატონმა სერგეი კირიენკომ.
შაბათს რუსმა და ირანელმა ბირთვული პროგრამის სპეციალისტემბა თეირანის პირველ ატომურ ელექტო რეაქტორში ბირთვული საწვავი ჩატვირთეს. მოგეხსენებათ, რუსეთმა ირანს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სამეცნიერო დახმარებაც აღმოუჩინა ბუშერის რეაქტორის დაგეგმვისა და აშენების პროცესში.
ბატონი კირიენკო ბუშერში ირანის მიმართ რუსეთის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით იყო ჩასული. საერთაშორისო საზოგადოება შიშობს, რომ ირანი ბუშერის რეაქტორს ბირთვული ბომბის შესაქმენელადაც გამოიყენებს, მაგრამ მოსკოვი და თეირანი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
ბატონი კირიენკოს აზრით, "აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო სამართლის ნორმებით და დაპირისპირება მშვიდობიანი გზებით გადავწყვიტოთ." მისივე თქმით, რუსეთი ყოველთვის ასრულებს ორმხრივი ურთიერთობის პროცესში მიღწეულ დაპირებებს და შესაბამისად კვლავ გააგრძელებს ირანის მხარდაჭერას ბუშერის რეაქტორის ფუნქციონირების გაგრძელების მიზნით.
რამდენიმე თვის წინ, ვაშინგტონმა მოსკოვი იმის გამო გააკრიტიკა, რომ რუსეთი უარს არ ამბობდა ბუშერის რეაქტორის საბოლოო ფაზის დასრულებაზე მიუხედავად იმისა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება უწყვეტად გამოხატავდა უკმაყოფილებასა და შეშფოთებას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ირანს კვლავ ეხმარება ბირთვული პროგრამის განვითარებაში, მოსკოვმა ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა, რომელთა საბოლოო მიზანი ირანისთვის ბირთვული საწვავის გასამდიდრებელი პროგრამის შეჩერებაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ირანისთვის ბირთვულ პროგრამაში დახმარების აღმოჩენა დასავლეთმა დადებით განვითარებად უნდა აღიქვას, რადგან რუსეთი არა მხოლოდ გაუგზავნის ირანს ბუშეირსთვის საჭირო ბირთვულ საწვავს, არამედ უკან წამოიღებს საწვავის ნარჩენებს.
ოფიციალური პირების ცნობით რეაქტორის ბოლომდე ამუშავებისა და მის მიერ ელექტროენერგიის წარმოების დაწყებისთვის 2-დან 3-თვემდეა საჭირო. რეაქტორში ბირთვული საწვავის ჩატვირთვას გარკვეული დრო სჭირდება. ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ბირთვული ელექტრო სადგური საწყის ეტაპზე 500 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო ელექტრო ენერგიის წარმოება მოგვიანებით 1000 მეგავატამდე გაიზრდება.