ირანი ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესება ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ბოლოს მოუღებს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ბოლოს მოუღებს.

დღეს სტამბოლში რეგიონალური სამიტის დროს პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „ცდებიან“ თუ ისინი ფიქრობენ, რომ სანქციების დაწესების შემდეგ შესაძლებელი იქნება ირანთან მოლაპარაკებების წარმართვა.

როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭო ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესებისთვის ემზადება იმის გამო, რომ თეირანი ბირთვული საქმიანობის შეჩერებაზე უარს აცხადებს.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც აგრეთვე ესწრება რეგიონალურ სამიტს სტამბოლში, ჟურნალისტებს მოახსენა, რომ გაეროს სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული რეზოლუცია „პრაქტიკულად“ შემუშავებულია. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ სანქციები არ უნდა იყოს „გადაჭარბებული“ და არ უნდა აფერხებდეს ირანის წინსლვას მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის მოპოვების სფეროში.

ბატონმა პუტინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სამიტის მიღმა იგი აპირებს ბირთვული საკითხის განხილვას პრეზიდენტ აჰმადინეჟადთან.