შეინ ბაუერმა და ჯოშ ფატალმა ირანში ტყვეობის ორი წელი სრულ იზოლაციად მოიხსენიეს. ორივეს განცხადებით, ევანის ციხეში პატიმრობა მათთვის ტყუილისა და ცრუ იმედების სამყაროში ცხოვრების ტოლფასი იყო.
პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას, შეინ ბაუერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის მთავრობის სისასტიკე და ადამიანის უფლებების გათელვა პირველ რიგში მის ხალხს ვნებს. შეინმა ამასთან, ირანის ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამერიკელ დიპლომატებს მან მადლობა გადაუხადა მთამსვლელების გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება გააკრიტიკა გუანტანამოს საპატიმროს ფუნქციონირებისთვის.
ფატალმა, ბაუერმა და მესამე ამერიკელმა-მათმა მეგობარმა სარა შურდმა, თავად ამ ამერიკელების განცხადებით, ერაყის ჩრდილოეთ რაიონში მოგზაურობდნენ და საზღვრის დემარკაციაში არსებული პრობლემების გამო, უნებლიედ გადაკვეთეს საზღვარი ირანთან. ახლა ორი მათგანი აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლებას დაკავებული ჰყავდა არა იმიტომ რომ მათ კანონი დაარღვიეს, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ამერიკელები იყვნენ. სარა შურდი ოფიციალურმა თეირანმა 2010 წლის სექტემბერში გაანთავისუფლა.
ახლა სარამ, მის ორ მეგობართან ერთად, პრეს კონფერენცია ნიუ იორკში გამართა. ჟურნალისტებს, სამივე ამერიკელთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც შეხვდნენ.
თავად ამერიკელებმა იმ ათასობით ადამიანს მადლობა გადაუხადეს, რომლებიც მათი გადარჩენის მიზნით დაუღალავად საპროტესტო კამპანიებს მართავდნენ. ამ ადამიანებს შორის არიან გაეროს გენერალური მდივანი, ნობელის ლაურეატები, ირანის მთავრობის ოფიციალური პირები და კრივში მსოფლიო ჩემპიონი მუჰამედ ალი.