საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება- აცხადებს თბილისი მხარეებს შორის მედიამემორანდუმის გაფორმების შემდეგ. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ირანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას. სავარაუდოდ 3 თვეში ირანსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი დაწესდება, აღდგება პირდაპირი ფრენა, ბათუმში კი ირანის საკონსულო გაიხსნება.
ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავია, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკურ საკითხებში მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა გავაორმაგოთ თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებში, განსაკუთრებით ენერგოსექტორში და სოფლის მეურნეობაში, აცხადებს ირანული მხარე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრაზილიისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი თურქეთში გადააგზავნოს ირანის ბირთვული რეაქტორებისთვის ბირთვული საწვავის მიღების სანაცვლოდ, დიპლომატიურ გამარჯვებად, გმირობად შეაფასა. ექსპერტ თამარ პატარაიას თქმით, მთელი მსოფლიოს ყურადღება ირანის ბირთვული პროგრამის შესუსტებისკენ არის მიმართული :
” თუ ირანმა გადაწყვიტა გააგრძელოს თავისი ბირთვული პროგრამა და ბირთვული იარაღი დაამზადოს - ეს რეგიონისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია”.
საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენ მზად ვართ ჩვენი პოტენციალი და რესურსები მოვახმაროთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის განვითარებას - აცხადებს ირანული მხარე.