ტრამპი და ამერიკელი გენერლები ირანის გარშემო ვერ თანხმდებიან

ირანის ბირთვული შეთახმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვასთან ერთად, ამერიკის პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის გენერლებს შორის უთანხმოება იზრდება.

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება მაისში უნდა მიიღოს. მან სამშაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია არ უფრთხის ამერიკის მიერ შეთანხმების დატოვების იდეას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების ხელმომწერები არ დათანხმდებიან მასში ცვლილებების შეტანას.

„ირანში ბევრი ცუდი რამ ხდება“, - თქვა პრეზიდენტმა თეთრ სახლში, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრისას. „შეთანხმების საკითხი ერთ თვეში დადგება, ნახავთ რაც მოხდება“, - დასძინა მან.

ტრამპი უკვე დიდი ხანია ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებას აკრიტიკებს. შეთანხმება, რომელიც 2015 წელს მიიღეს და რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „საერთო ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“ (JCPOA) ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ ის ბოლოჯერ აჩერებდა სანქციებს ირანის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკამ შეთანხმების ხელმოწერისას მოხსნა. მან ამერიკელ კანონმდებლებს და ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს შეთანხმების „კატასტროფული ნაკლების გასწორება“ მოსთხოვა.

თუმცა იანვრიდან მოყოლებული ამერიკის უმაღლესი სამხედრო პირები შეთანხმებას აღწერენ როგორც ზოგადად სასარგებლოს.

„ახლა როდესაც მე აქ ვარ, ირანი JCPOA-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებს”, - განაცხადა ამერიკის სტრატეგიული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ჰაითენმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას. ჰაიტენის კომენტარის მსგავსად, ცოტა ხნით ადრე, ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ოპერაციები აბარია, ჯოსეფ ვოტელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ბირთვული საფრთხის შეჩერებას ითვალისწინებს. „თუ JCPOA გაუქმდება, ჩვენ დაგვჭირდება სხვა გზის პოვნა [ირანის] ბირთვული იარაღის პროგრამასთან გასამკლავებლად“, -თქვა მან.

„ამ დროისთვის [შეთანხმება] ჩვენს ინტერესებშია. [რეგიონში] გაჩნდება შეშფოთება იმის თაობაზე, თუ როგორ ვაპირებთ ამ საფრთხესთან გამკლავებას“, - თქვა ვოტელმა.

თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთა შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი ამბობენ, რომ შეთანხმების შენარჩუნება ამერიკის ინტერესებში შედის.

მიუხედავად პრეზიდენტობის დასაწყისში, საკუთარი სამხედრო მეთაურებისადმი ნდობის გამოცხადებისა, პრეზიდენტი ნელ-ნელა თავიდან იშორებს მათ, ვინც შეთანხმების შენარჩუნებას ემხრობა. მათ შორის იყო სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

„როდესაც ირანის შეთანხმებას ვუყურებ, ვფიქრობ რომ ის საშინელებაა. ვფიქრობ, მას [ტილერსონს] ის ნორმალურად მიაჩნდა“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ტილერსონის მოხსნის შემდეგ. „მე შეთანხმების გაუქმება ან რამის შეცვლა მსურს, მას [რექს ტილერსონს] კი განსხვავებული მიდგომა ქონდა“, - თქვა მან.

ტილერსონს მაიკ პომპეო ანაცვლებს, რომელსაც ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მას ირანთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიცია აქვს.

„შეთანხმებამ ჩვენ შედარებით უკეთესი პირობები მოგვცა, როცა საქმე ინსპექციას ეხება. თუმცა ირანალებმა ბევრჯერ მოახერხეს გარდაქმნილიყვნენ განგრძობით საფრთხედ“ - განაცხადა პომპეომ ოქტომბერში, ვაშინგტონში გამოსვლისას. „მოსაზრება, რომ [შეთანხმებაში] შესვლა ირანის ავანტიურას, მათი მხრიდან ტერორისტულ საფრთხეს ან მავნე ქცევას შეაჩერებს ამ დროისთვის, ორი წლის თავზე, ფუნდამენტურად მცდარი აღმოჩნდა“, - დასძინა მან.

ამერიკის სადაზვერვო ორგანოების და სამხედრო პირების შეშფოთება ირანის თაობაზე კიდევ უფრო გაიზარდა. თავდაცვის მეთაურები აკრიტიკებენ თეირანს დესტაბილიზაციური ქმედებების გამო ისეთ ადგილებში როგორიცაა ერაყი, სირია, იემენი და ავღანეთი. „ირანი არ ცვლის საკუთარ ქცევას“, - აღნიშნა გენერალმა მატისმა რეგიონში ვიზიტისას გასულ კვირას. „ისინი აგრძელებენ დესტაბილიზიციური გავლენის ქონას“, - დაამატა მან.

სხვები ფიქრობენ, რომ როდესაც საქმე ირანის მიმართ ამერიკის პოლიტიკას ეხება, მსგავსი საკითხები არ უნდა იქნას უგულველყოფილი.

„ჩვენ საკითხს კომპლექსურად ვუდგებით“, - განუცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა დანა ვაითმა ჟურნალისტებს გასულ ხუთშაბათს. „ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია, თუმცა გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ ირანი რეგიონში ქაოსის და არეულობის წყაროა. სადაც არ უნდა გაიხედო, ირანი ყველგანაა“. - თქვა მან.