ირანი აცხადებს, რომ არღვევს ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ ლიმიტს ურანზე

ირანი აცხადებს, რომ გადააჭარბა ურანის გამდიდრებაზე დაწესებულ ლიმიტს, რომელიც თეირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ჰქონდა დაწესებული. ამის შესახენ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა გააკეთა.

„ირანმა გადააჭარბა 300 კილოგრამის ლიმიტს“, - თქვა მან. ეს დამკვირვებლების ნაწილის აზრით, პირველი შემთხვევაა, როცა ირანმა შეთანხმების პირობები დააღვია. 4 წლის წინ, ირანის ბითვულ ხელშეკრულებას ხელი ექვსმა ქვეყანამ, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოაწერა. შეთანხმების თანახმად, ირანის წინააღმდეგ მაშინ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი გაუქმდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეთანხმება გასულ წელს დატოვა. მას შემდეგ, ტრამპმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა რეგიონში მისი აქტივობის გამო და ბირთვული პროგრამის კუთხით, თეირანის მხრიდან დათმობების მისაღებად. სანქციების მიზანი ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე დარყმის მიყენებაა.

გაეროს ატომური ენერგიის მონიტორინგის სააგენტომ განაცხადა, რომ ამ დრომდე ირანი შეთანხმების პირობებთან შესაბამისობაში იყო და რომ სააგენტო ადგილზე მუშაობს იმის დასადგენად თუ რამდენად შეესაბამება ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი შეთანხმების პირობებს.

ირანი ამ დრომდე აცხადებდა, რომ თუ 2015 წლის შეთანხმების პირობებზე ხელახალი შეთანხმება არ მოხდებოდა, ის ურანის გამდიდრებას გააგრძელებდა.

ორი კვირის წინ, შეერთებულმა შტატებმა ირანს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მისი უპილოტო დრონის ჩამოგდებასა და სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმაში დასდო ბრალი.