ირანმა სატელიტური სიგნალების ჩახშობა სცადა

დაბლოკვის ფაქტი დაემთხვა ირანში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ქუჩის დემონსტრაციების მიმდინარეობას
„ამერიკის ხმისა" და სხვა ამერიკული მაუწყებლობების მმართველთა საბჭომ შეშფოთებულმა უპასუხა სპარსული რედაქციის მიერ მომზადებული პროგრამების თანამგზავრის ჩახშობის ბოლო მცდელობას, რომელიც ირანის მთავრობამ განახორციელა. მმართველთა საბჭომ ამ ფაქტს საერთაშორისო შეთანხმებების სამწუხარო დარღვევა უწოდა.

მაუწყებელთა საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამგზავრის სიხშირეების ჩახშობამ „ამერიკის ხმის" სპარსული რედაქციის მუშაობა, რადიო ფარდა, და რადიო თავისუფალი ევროპის სპარსულენოვანი პროგრამები შეაფერხა. ჩახშობის მცდელობამ უარყოფითი გავლენა იქონია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის სპარსულენოვან პროგრამებზეც.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რადიო და ტელე პროგრამების დაბლოკვის ფაქტი დაემთხვა ირანში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ქუჩის დემონსტრაციების მიმდინარეობას.

ამ წუთებისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა კომენტარი გააკეთა ირანის ხელისუფლებამ პროგრამების დაბლოკვასთან დაკავშირებით.