დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ირანში ტერაქტებით იმუქრება

ირანის დაზვერვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ გუშინ ქვეყნის პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში მომხდარ თავდასხმაში 5 ირანელი მამაკაცი მონაწილეობდა.

სამინისტროს განცხადებით, ეს ადამიანები დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ მოსულში, ერაყში და ასევე რაქაში, სირიაში, მანამ სანამ გასული წლის აგვისტოში ირანში დაბრუნდებოდნენ. ისინი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცთა რიგებს შეუერთდნენ.

ირანის მთავრობის წევრებმა ოთხშაბათის თავდასხმის მსხვერპლის შესახებაც დაადასტურეს ცნობები. ამბობენ, რომ დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი და 40 დაჭრილია.

თითქმის ერთდროულად მომხდარ თავდასხმებზე - რომლებშიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები და ორი თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა - ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ თითქმის მაშინვე აიღო პასუხისმგებლობა.

თავდასხმიდან მალევე დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტო „ამაქმა“ გაავრცელა 24-წამიანი ვიდეო, რომელიც აჩვენებს, უსიცოხლო სხეულს პარლამენტის შენობის შიგნით. ვიდეო შეიცავდა მუქარასაც ირანში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ.