ირანი აცხადებს, რომ „ძლიერ ნაბიჯს“ გადადგამს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან დასაშორებლად იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ქვეყნები ირანს ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შემსუბუქებაში არ დაეხმარებიან.
ირანის მთავრობის წარმომადგენელმა ალი რაბიეიმ თქვა, რომ „ირანის ნავთობი უნდა იყიდებოდეს და მიღებული ფული ირანში უნდა ბრუნდებოდეს.“
ოფიციალურმა თეირანმა ევროპელებს პარასკევამდე, 6 სექტემბრამდე მისცა ვადა იმისთვის, რომ მათ ირანის სანქციების შემსუბუქების გზები შეიმუშაონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი ურანით გამდიდრების ხარისხს გაზრდის, რომელიც ბირთვული შეთანხმებით არის განსაზღვრული. ამჟამად, ირანი ურანს 4.5 პროცენტამდე ამდიდრებს, რის გაზრდაზეც თეირანი იმუქრება. ასევე მოსალოდნელია, რომ ირანმა ის ცენტრიფუგები აამუშაოს, რომლებიც 2015 წლის შეთახმების საფუძველზე გამორთო.
შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს ხელმოწერილი შეთანხმება დატოვა.