ირან-ავღანეთს ბიზნესკავშირები

ირან-ავღანეთს ბიზნესკავშირები

ირანული კომპანიები ავღანეთთან კომერციული კავშირების განვითარებაში დაინტერესებას გამოხატავენ

ირანული კომპანიები ავღანეთთან კომერციული კავშირების განვითარებაში დაინტერესებას გამოხატავენ.

ირანს მეზობელ ავღანეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების განვითარება სურს. ამ მიზნით გასულ კვირას ირანულმა კომპანიებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გამოფენა გამართეს.გამოფენის მიზანია მოიზიდოს ავღანელი მომხმარებლები, რომლებსაც ირანთან კომერციული კავშირების განვითარება სურთ, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი ქაბულიდან.

გასულ კვირას ქაბულში დღემდე მოწყობილ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ირანული კომპანიის ნაწარმი. ირანელებს იმედი აქვთ, რომ ავღანელები მათი ნაწარმით დაინტერესდებიან. ერთ-ერთი მათგანი ალი დოვარინო პურის საცხობ დანადგარებს ყიდის.

ირანელი ბიზნესმენის თქმით, ავღანეთში კომერციული საცხობების ბაზარი კარგ პირობებს სთავაზობს. ავღანეთში პურის საცხობების უმრავლესობა ტრადიციულად არის აგებული და ბევრ ენერგიას ხარჯავს. ალი დოვარინო აღნიშნავს, რომ მან ეს თავისებურება შეისწავლა და ქაბულში სწორედ ისეთი საცხობები ჩამოიტანა, რომელიც ბევრ ელექტროენერგიას არ მოითხოვს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნაწარმის ფართო სპექტრი - ფუნთუშებითა და ნამცხვრებით დაწყებული და ხალიჩებით, სალტეებით, მაკარონით, ფირფიტებით, წყლის ასადუღებელი ბაკებითა და ალუმინის ფანჯრებით დამთავრებული. მაჯიდ კარიმი ირანული გავჰარის პლასტიკური ქარხნის აღმასრულებელი დირექტორია.

კარიმი აღნიშნავს, რომ ის პიველად არის ავღანეთში. მის კომპანიას ქაბულში ოფისის გახნსა სურს. ამას გარდა კომპანია ახლა წარმომადგენელს ეძებს, რომელიც საბითუმო რეალიზაციასა და ნაწარმის რეკლამირებას გაუძღვება.

კარიმის თქმით, კომერციული საქმიანობის გაფართოება ავღანეთში ლოგიკურ სვლას წარმოადგენს რადგან ირანსა და ავღანეთს შორის ბევრი საერთოა.

ბევრი ავღანელი ირანში ცხოვრობს, აღნიშნავს კარიმი. ბიზნესმენის თქმით, მის ქარხანაში ბევრი ავღანელი მუშაობს. ირანელებსა და ავღანელებს შორის ბევრი საერთოა, ენის, სარწმუნოებისა და გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობის ჩათვლით. კარიმი აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ურთიერთობას ამარტივებს, რაც მას აძლევს იმედს, რომ ავღანელები ირანული ნაწარმის შეძენით დაინტერესდებიან.

აბდულ რაუფ გულჰარი ქაბულის უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორია.

„ირანელები აქ მოდიან იმის გამო, რომ მათ აქ კონკურენციას არავინ უწევს და სწორედ ამის გამო ისინი იგებენ,“ - აღნიშნავს პროფესორი გულჰარი. გულჰარის მიაჩნია, რომ რაც შეეხება ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობას ავღანეთთან შედარებით ირანი აშკარა უპირატესობით სარგებლობს.

გულჰარის თქმით, ავღანური საექსპორტო პროდუქცია 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნაწარმს მოიცავს, მაგრამ იმპორტის სახით ქვეყანაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი შემოდის. ავღანეთის მთავრობამ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაატაროს ავღანური კომპანიების დახმარების მიზნით რათა მათ უფრო მეტი საქონელი აწარმოონ და შედეგად სავაჭრო დისბალანსი გაუმჯობესდეს, აღნიშნავს ავღანელი პროფესორი.

უკვე შედგენილია მსგავსი გამოფენის გამართვის გეგმები ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფში. ამას გარდა მომავალ წელს ქაბულში კიდევ ერთი გამოფენა გაიმართება. ამასობაში კი ავღანელ მეწარმეებს ირანში ეპატიჟებიან.