ირანმა მხოლოდ დღეს აღიარა და უკრაინული Boeing 737-ის ჩამოგდება სამხედრო-საჰაერო ძალების „ადამიანურ შეცდომას“ დააბრალა. სამი დღის მანძილზე, თეირანი მალავდა ინფორმაციას და აცხადებდა, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა „ტექნიკური გაუმართაობის“ გამო განიცადა. ახლა ირანი ირწმუნება, რომ თეირანის აეროპორტიდან აფრენილი ავიალაინერი ამერიკულ სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავში აერიათ.
2020 წლის 8 იანვარს, ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს უკრაინის ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 ჩამოვარდა. ის თეირანიდან კიევში მიფრინავდა, ყველა 176 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე, რამდენიმე საათით ადრე, ირანმა, გენერალ ყასეიმ სოლეიმანის განეიტრალების საპასუხოდ, ერაყში ამერიკულ ბაზებზე მიიტანა იერიში.