ორშაბათს ირანმა შეერთებული შტატები ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონი ამისთვის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ირანელი ქალის სიკვდილის გამო დაწყებულ აქციებს იყენებს. მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანი აფრთხილებს ამერიკას, რომ მსგავსი ქმედება უშედეგოდ არ ჩაივლის.
ირანის მთავრობა საპროტესტო აქციებს დარბევით და მთავრობის მომხრეთა მიტინგებით პასუხობს. 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციას ჰყავდა დაკავებული, ისლამური რესპუბლიკის მიერ ქალებისთვის დაწესებული ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო. პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება. მან ამინის სიკვდილის ფაქტის გამოძიების განკარგულება გასცა.
ასევე ნახეთ: ირანში ხელისუფლების მომხრეები საპროტესტო აქციების მონაწილეების სიკვდილით დასჯას ითხოვენსაპროტესტო გამოსვლები ირანში 17 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას შემდეგ, რაც მიტინგები პოლიციამ დაარბია, ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სულ ცოტა, 41 ადამიანია დაღუპული. ასეთი მასშტაბის ანტისამთავრობო აქციები ირანში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინდელი მიტინგების დარბევა ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი იყო, რაც 1 500-მდე ადამიანის სიკვდილით დასრულდა.
ამინის სიკვდილს საერთაშორისო გამოხმაურება და დასავლური ქვეყნების მიერ ამ ფაქტის დაგმობა მოჰყვა, რის შემდეგაც ირანმა შეერთებული შტატები ისლამური რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. "ვაშინგტონი ყოველთვის ცდილობს ირანის სტაბილურობის და უსაფრთხოების დასუსტებას, თუმცა წარუმატებლად" - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასარ ქანაანიმ.
საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდზე მან ამერიკას და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ბრალი დასდო ტრაგიკული ინციდენტის "ამბოხებულთა" მხარდაჭრის მიზნით გამოყენებაში. ამასობაში კი ისინი "ყურადღებას არ აქცევენ ქვეყნის ქუჩებში და მოედნებზე გამოსულ მილიონობით ადამიანს, რომლებიც სისტემას უჭერენ მხარს" - ამბობს ქანაანი.
თეირანმა კვირას ბრიტანეთის და ნორვეგიის ელჩები დაიბარა. მათ ირანი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში და მედიით მტრული ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ორშაბათს, თეირანში აქციების დარბევის შემდეგ, ბერლინმა გამოიძახა გერმანიის ელჩი ირანში. ცნობას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ყველა შესაძლო პასუხს განვიხილავთ" - თქვა გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, როცა მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ბერლინი თეირანზე დამატებითი სანქციების დაწესებას.
მიმდინარე მოვლენების გამო, ვაშინგტონმა გასულ კვირაში თეირანს სანქციები უკვე დაუწესა. კერძოდ, სანქცირებულია ირანის მორალის პოლიცია, რომელსაც ვაშინგტონის თქმით, აკისრია პასუხისმგებლობა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაში.
ასევე ნახეთ: ირანში დემონსტრაციები გრძელდება, ვაშინგტონი კი თეირანს ახალ სანქციებს უწესებს