ვაშინგტონი ირაკლი ალასანიას დიდი ინტერესით უსმენდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ღონისძიების ადგილი წინა დღით შეიცვალა და ის მოზრდილ დარბაზში გადაიტანეს
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან, ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საგანგებოდ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ხალხმრავალ შეხვედრას სახელწოდებით „საქართველოს და კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოება“ პროფესორი ფრედერიკ სტარი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი უძღვებოდა.

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ღონისძიების ადგილი ერთი დღით ადრე შეიცვალა და ის უფრო მოზრდილ დარბაზში გადაიტანეს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის, კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის, თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების და სხვა მრავალ საკითხზე. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის, ვაჭრობის დეპარტამენტის, ჯეიმსთაუნის ფონდის, ატლანტიკური საბჭოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, რამდენიმე უნივერსიტეტის, საერთაშორისო ინსტიტუტების, დიპლომატიური თუ ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი ალასანიამ დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვის მინისტრი კიდევ ორ დღეს დაჰყოფს და რამდენიმე შეხვედრას გამართავს. მათ შორის, შეხვდება პრეზიდენტის საგანგებო თანაშემწე კარენ დონფრიდს, რომელიც ამავე დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის დირექტორია. ასევე დაგეგმილია საუბრები საზღვაო ფლოტის, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს და ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელებთან. ირაკლი ალასანია ვიზიტს ნიუ იორკში დაასრულებს, სადაც ის შეხვედრებს გამართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მოინახულებს ცნობილი ავიაგამომგონებლის, ალექსანდრე ქართველის საფლავს.