მედია და მართლმსაჯულება - ალასანიას ორი მთავარი მესიჯი ვაშინგტონში

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.

ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ევრაზიის რეგიონის ექსპერტებს და მკვლევარებს შეხვდა. ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე ალასანიამ, „საქართველოს მეგობრებს“ - როგორც თვითონ უწოდა, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობისას ყურადღების გამახვილება ორ მთავარ თემაზე - მედიის თავისუფლებაზე და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე სთხოვა.

„ეს 2016 წლის არჩევნებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებია. ჩვენ ვხედავთ თავისუფალ მედიაზე მზარდ ზეწოლას. ჩვენ ვნახეთ როგორ დაიხურა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუ, იზრდება ზეწოლა რუსთავი 2-ზე, ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებას აწუხებს,“ უთხრა რეგიონის მკვლევარებს ალასანიამ.

ამერიკელებიც და ევროპელებიც ძალიან წუხან, რომ მედია გარემოს ცვლილება დააზიანებს საქართველოს იმიჯს და ხელს არ შეუწყობს საქართველოში რეალური დემოკრატიის დამკვიდრებას.
ირაკლი ალასანია

მისი თქმით, საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობას არ უნდა მისცენ უფლება იგივე შეცდომები გაიმეოროს, „რისი მომსწრეც ქვეყანა წლების განმავლობაში იყო“.

მართლმსაჯულებაზე საუბრისას ალასანიამ ყურადღება პროკურატურის მზარდ პოლიტიზირებაზე გაამახვილა:

„2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ბევრ სფეროში გაუმჯობესება ვნახეთ, იკლო ძალადობამ სამართალდამცავ სისტემაში, მაგრამ გაიზარდა პროკურატურის პოლიტიზირება. ჩვენ მართლმსაჯულება პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ,“ თქვა მან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ალასანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა -„ეს განცხადება შესწავლის და გამოძიების საგანი უნდა გახდეს.“

მედიაში შექმნილი მდგომარეობა მისი ვაშინგტონში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი თემაა:

ბუნებრივია ინვესტორსაც ვერ დააინტერესებ ქვეყნით, სადაც ასეთი შეზღუდულია მედია
ირაკლი ალასანია

„ყველა შეშფოთებულია და უნდათ საქართველო იყოს წარმატებული. ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება თუ მედია არ იქნება თავისუფალი. ამერიკელებიც და ევროპელებიც ძალიან წუხან, რომ მედია გარემოს ცვლილება დააზიანებს საქართველოს იმიჯს და ხელს არ შეუწყობს საქართველოში რეალური დემოკრატიის დამკვიდრებას.“

ალასანიას თქმით, მედიაში არსებული სიტუაცია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კონკრეტულად კი საინვესტიციო გარემოზეც ცუდად აისახება:

„შეხვედრებზე, ძირითადად, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე ვსაუბრობ, გვინდა ამერიკელი ბიზნესები დავაინტერესოთ. ბუნებრივია ინვესტორსაც ვერ დააინტერესებ ქვეყნით, სადაც ასეთი შეზღუდულია მედია.

თავის სიტყვაში ალასანიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაპოვარზე - მმართველობის მშვიდობიან გადაცემაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით რეგიონის ბევრი ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის, თუმცა: „საქართველოს მეტის კეთება შეუძლია. პროგრესთან ერთად მოთხოვნებიც იზრდება, მომდევნო არჩევნები იქნება ტესტი, რომელიც ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ,“ განაცხადა მან.