აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შიარაღებული დაპირისპირება განახლდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. არსებობს თუ არა ომის დაწყების ალბათობა ერევანსა და ბაქოს შორის? რა როლს თამაშობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთი, როგორ შეიძლება იმოქმედოს თურქეთმა, ირანმა? როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რეგიონში არსებულ ურთულეს მდგომარეობას?
„ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილი მომლაპარაკებელი რობერტ ბრადტკე ამბობს, რომ თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს. ის ასევე დასძენს, რომ თუ ერევანმა მოსკოვს დახმარება სთხოვა, რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რას უკავშირებთ ძალადობის განახლების დროს, რატომ ხდება ეს ახლა?
ძალიან მაღელვებს ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ თემაზე გესაუბროთ. ეს 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სერიოზული დარღვევაა და სავარაუდოდ, მძიმე შედეგები ექნება.
ცხადია, რომ თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარია. მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება საქართველო მასში არ ჩაერიოს, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვიტეს კონფლიტში უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან. ასევე მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი არ ჩაერევა.
ეს კონფლიქტი, მშვიდობიანი გადაწყვეტის გარეშე, უკვე დიდი ხანია გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1994 წელს შედგა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გაავლო. მაგრამ მასზე ეფექტური მონიტორინგი არ ხდება და ის ხშირად ირღვევა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საკონტაქტო ხაზი არასტაბილურია. სამშვიდობო მოლაპარაკებებს კი, ათწლეულების განმავლობაში, არანაირი პროგრესისთვის არ მიუღწევია. ამიტომ ვფიქრობ, გაღიზიანების დონე ორივე მხარეზე გასაგებია და შეიძლება ამართლებდეს კიდეც ძალის გამოყენებას.
რა რისკებს ხედავთ? არსებობს თუ არა კონფლილქტის კონტროლს მიღმა ესკალაციის პოტენციალი? შეიარაღებული დაპირისპირებები წარსულშიც მომხდარა, მაგრამ ახლა ვითარება თითქოს განსხვავებულია, იქნება ეს რიტორიკის თუ მსხვერპლის სიმძიმიდან გამომდინარე.
გეთანხმებით. აქ რამდენიმე ფაქტორია. ეს ადგილი საზღვრის ის ნაწილია, რომელიც აქამდე არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ადგილზე ვხედავთ საარტილერიო შეიარაღებას. ეს განსხვავდება საკონტაქტო ხაზთან მომხდარი სხვა ინციდენტებისგან, რომელთა დროსაც ხშირი იყო სნაიპერების ცეცხლი ან მსუბუქი იარაღიდან სროლა. ამიტომ არსებობს ესკალაციის საშიშროება. როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა, როცა ადამიანები იღუპებიან და როგორც პრესიდან შევიტყვე, რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანიც დაიღუპა, დიდია საშიშროება რომ ვითარება უკონტროლო გახდეს.
ასევე იმის გამო, რომ ეუთოს არ აქვს საშუალება წარსულის მსგავსად ვითარებას დააკვირდეს, არ არსებობს დამოუკიდებელი მხარე, რომელიც ეტყვის მხარეებს, რომ შეჩერდნენ, ან დააკვირდება თუ რას აკეთებენ ისინი. ეს ძალზედ საშიშია. ამასთან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რიტორიკა ორივე მხარეზე, მუქარა და ბრალდებები ერთმანეთის წინააღმდეგ, ცეცხლზე ნავთს ასხამს. იქმნება წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე წავიდეს ცუდი მიმართულებით.
თქვენი აზრით, რა არის დღეს რუსეთის როლი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში?
რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს. ამის შემდეგ თურქეთი იტყვის, რომ თუ რუსები სომხებს ეხმარებიან, ჩვენ აზერბაიჯანს დავეხმარებითო. იგივეს იტყვის, სავარაუდოდ, ირანიც. ეს კოშმარული სიტუაცია იქნება.
დავუბრუნდები ისევ იმ დროს, როცა [მინსკის ჯგუფის] თანათავმჯდომარე ვიყავი. ეს ის დროა, როცა შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი ერთად ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ. მაშინაც კი, როცა ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვქონდა რუსეთთან, ძალისხმევა მაინც არ წყდებოდა. აქ მედვედევის პრეზიდენტობის, ობამას და სარკოზის პერიოდზე ვსაუბრობ. მიუხედავად უთანხმოებისა, ჩვენ ვაღიარებდით, რომ ეს იყო კონფლიქტი, სადაც ვხედავდით ერთად მუშაობის შესაძლებლობას, და სადაც ყველა მხარის ინტერესი იყო ის, რომ მისი გამწვავება და უფრო დიდ კონფლიქტად ქცევა თავიდან აგვერიდებინა. რადგან, ამ კონფლიქტის ომში გადაზრდის შემთხვევაში, ძალიან დიდი იყო სხვა ქვეყნების მასში ჩართვის საშიშროება.
ჩემთვის რთულია იმის თქმა, თუ როგორ იქცევიან და რა ინტერესები აქვთ სხვა ქვეყნებს და მოლაპარაკებების მხარეებს. თუმცა, მინდა ვიფიქრო, რომ რუსეთი ხვდება, რომ თუ მხარეებს შორის კონფლიქტი გამწვავდა, მასში ჩათრევის საშიშროება დიდია. დიდია ასევე იმის საშიშროება, რომ რეგიონის სხვა ქვეყნები, იქნება ეს თურქეთი თუ ირანი, ასევე ჩაერთვებიანი კონფლიქტში. ამიტომ, ვფიქრობ რუსეთს ეს არ უნდა სურდეს. რუსეთის ინტერესი არ უნდა იყოს ამ კონფლიქტის გამწვავება და მისი შეიარაღებულ დაპირისპირებად ქცევა.
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთმა პირდაპირ მიანიშნა, რომ არ გამორიცხავს აზერბაიჯანის დასაცავად კონფლიქტში ჩართვას. რას ფიქრობთ ამაზე? რა როლს თამაშობს თურქეთი?
თურქეთის ინტერესი დიდია. მას სომხეთთან საზღვარი აზერბაიჯანთან ომის გამო აქვს დახურული და ბაქოსთან ახლოს ურთიერთობს. აზერბაიჯანის ეთნიკური საწყისები თურქულია და ორი ქვეყანა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.
საშიშროებას აქაც ვაწყდებით. სომხეთს და თურქეთს ისტორიული მიზეზების გამო კარგი ურთიერთობა არ აქვთ. ამიტომ თურქეთს რომც სურდეს შუამავლის როლის თამაში, ამას ვერ გააკეთებს, რადგან სომხეთი მას არ ენდობა. ვფიქრობ, თურქებს შეუძლიათ ითამაშონ გარკვეული როლი. იმედი მაქვს, რომ არსებულ სიტუაციაში ეს როლი იქნება აზერბაიჯანისთვის კონფლიქტის შედეგების შეხსენება, იმის თქმა, რომ ეს რეგიონში ყველასთვის კატასტროფული იქნება. ის რეგიონის პერსპექტივას ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალზედ აზარალებს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის მხარეზეა, იმედი მაქვს მას ურჩევს უკან დაიხიოს და სამშვიდობო პროცესზე იმუშაოს. განახლებული ომი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განახლებული ბრძოლა, არავის ინტერესში არაა.
რის გაკეთება შეიძლება სამომავლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?
ბევრი რამ მხარეებზეა დამოკიდებული. მათ შეიძლება თქვან, რომ შეთანხმების არქონა მომლაპარაკებლების ბრალია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ. მათ უნდა გააცნობიერონ ის შედეგები, რომლებსაც ეს კონფლიქტი მათ ქვეყნებს მოუტანს. ამასთან, მომლაპარაკებელმა ქვეყნებმა ახალი ენერგია უნდა შესძინონ დიალოგს, რადგან ახლა ისე ჩანს, რომ თითქოს ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ აქვს.
ხედავთ თუ არა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტიდან მომდინარე რისკებს საქართველოსთვის?
Your browser doesn’t support HTML5
ცხადია, რომ თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარია. მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება საქართველო მასში არ ჩაერიოს, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვიტეს კონფლიტში უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან. ასევე მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი არ ჩაერევა.
აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ დაარტყამს არა მთიან ყარაბაღს, არა მის გარშემო მდებარე შვიდ ტერიტორიას, არამედ საკუთრივ სომხეთის ტერიტორიას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სომხეთი ამ შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვს დახმარერბას სთხოვს. ეს კი კატასტროფა იქნება.
სომხეთს და რუსეთს თავდაცვის შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიას არ მოიცავს, რადგან რუსეთი მას აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. შეთანხმება ასევე არ მოიცავს იმ შვიდ ტერიტორიას, რომელიც ყარაბაღს ესაზღვრება. ესეც იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას სომხეთის ნაწილად არ აღიარებს. მაგრამ, რუსეთთან შეთანხმება საკუთრივ სომხეთის მთელს ტერიტორიას იცავს. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ დაარტყამს არა მთიან ყარაბაღს, არა მის გარშემო მდებარე შვიდ ტერიტორიას, არამედ სომხეთის ტერიტორიას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სომხეთი ამ შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვს დახმარებას სთხოვს. ეს კი კატასტროფა იქნება.
რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს. ამის შემდეგ თურქეთი იტყვის, რომ თუ რუსები სომხებს ეხმარებიან, ჩვენ აზერბაიჯანს დავეხმარებითო. იგივეს იტყვის, სავარაუდოდ, ირანიც. ეს კოშმარული სიტუაცია იქნება. მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება და რომ ეს გარდაუვალია. მაგრამ კარგად ვხედავ რისკებს საქართველოსთვის. შეიძლება მოხდეს შედარებით დაბალი ინტენსივობის ძალადობის ესკალაცია და აზერბაიჯანმა გადაწყვიტოს, რომ დარტყმა სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანოს. ვერავინ გათვლის იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ. საქართველოსთვის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე დიდი იქნება.
საქართველოსთვის რთულია დიპლომატიურად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ცხადია, ქვეყანას შეუძლია მხარეებს შეახსენოს ის, რომ მშვიდობიანი გამოსავლისკენ იმუშაონ. საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველომ ამ კონფლიქტს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.
საქართველოს თვითონ აქვს ორი კონფლიქტი საკუთარ ტერიტორიაზე. რუსებმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლის თამაში გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს არ არის მარტივი. საქართველო მეზობელია, საქართველო რეგიონის ქვეყანაა, მაგრამ რთული დასანახია ის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლის თამაში შეძლოს.
თქვენი აზრით, რა იქნებოდა ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაზეც საქართველო უნდა დაფიქრდეს?
ამის თქმა ჩემთვის რთულია, რადგან საქართველოში რამდენიმე წელია აღარ ვყოფილვარ და ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე იმაზე საუბრისგან, თუ რა უნდა გააკეთოს სხვამ. შემიძლია ის ვთქვა, რომ საქართველო შეერთებულ შტატებთან ახლო კავშირში უნდა დარჩეს და კონსულტაციები გაიაროს მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარესთან.
საქართველო ასევე ახლო კავშირში უნდა იყოს მის პარტნიორებთან აზერბაიჯანში და სომხეთში, კონფლიქტს თვალი დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს და მხარეებს ნაბიჯის უკან გადადგმისკენ და მშვიდობიანი გამოსავლისკენ მოუწოდოს. პატარა ქვეყნისთვის ეს მარტივი გასაკეთებელი არ არის და თავად საქართველოს საკუთარი დიდი პრობლემები აქვს საიმისოდ, რომ თქვას, რომ მოდი ახლა ამ სხვა ქვეყნებს დავეხმარებიო. საქართველო უდავოდ რთულ სიტუაციაშია.