ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გავლენის შესახებ დღევანდელ მსოფლიო უსაფრთხოებაზე და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის ტერორიზმის პროგრამის დირექტორს ნიკ რასმუსენს ესაუბრა.
ბატონო ნიკ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმებმა ადამიანების ცხოვრება, ისტორია შეცვალა. იმ დღიდან 17 წლის შემდეგ, როგორ აფასებთ 11 სექტემბრის გავლენას ამერიკაზე და მსოფლიოზე?
ამერიკელებისთვის ამ დღემ ტერორიზმის პრობლემა ჩვენს ნაპირებთან პირველად მოიტანა. მანამდე, ამერიკა ტერორიზმის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა, იქნებოდა ეს ჩვენს საელჩოებზე, თუ სამხედრო პერსონალზე თავდასხმები მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამერიკის შიგნით თავდასხმა მაშინ პირველად მოხდა, თანაც ასეთი დრამატული ფორმით. ვფიქრობ, ამ დღემ ამერიკელები შეძრა. ამან საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მთავრობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს. მოგვიწია იმის შეცვლა, თუ როგორ ვიცავთ თავს -- შევქმენით საშინაო უსაფრთხოების სამსახური, რაც მანამდე არ არსებობდა. ამას კი დიდი დრო და დიდძალი ფული დასჭირდა.
როგორ ფიქრობთ, თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნას შევეჩვიეთ თუ ამერიკა ისევ ისეთი მოტივირებულია ტერორიზმისგან სამშობლოს დასაცავად?
უნდა გავაგრძელოთ „ისლამური სახელმწიფოს“ მმართველი სტრუქტურის წინააღმდეგ ბრძოლა, ზუსტად ისე, როგორც ეს 11 სექტემბრის შემდეგ ალ-ყაიდას წინააღმდეგ გავაკეთეთ.ნიკ რასმუსენი
ეს კარგი კითხვაა. ვფიქრობ 11 სექტემბრიდან პირველი 10 წლის განმავლობაში ტერორიზმი ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ნომერი პირველი საკითხი იყო ამერიკის მთავრობისთვის. მაგრამ თუ შევხედავთ დღევანდელ ვითარებას და სხვადასხვა საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ - ჩინეთი, რუსეთი, ირანი, კიბერ საფრთხეები - ტერორიზმი ამ საფრთხეებს შორის ერთ-ერთია. არ მგონია, ამერიკელები დღეს ტერორიზმს ნომერ პირველ საფრთხედ აფასებდნენ.
განიცადა თუ არა ტერორიზმის საფრთხემ ევოლუცია?
საფრთხე ნამდვილად შეიცვალა. 11 სექტემბრის შემდეგ ფოკუსს ძირითადად ალ-ყაიდაზე და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებზე ვაკეთებდით. ისინი ტრადიციულად საქმიანობდნენ, ცდილობდნენ დამალვას და ხშირად ფარულად მოქმედებდნენ. ბოლო წლებში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გაჩენამ მსოფლიოში ტერორიზმის მოდელი შეცვალა. ზოგიერთი ჩემი კოლეგა იმასაც კი ამბობს, რომ ტერორიზმი ახლა „ქრაუდსორსიგნს“ ჰგავს. დღეს საქმე გვაქვს არა მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან და ტერორისტულ ჯგუფებთან, არამედ ინდივიდუალურ პირებთანაც, რომლებიც მოტივაციას და შთაგონებას „ისლამური სახელმწიფოსგან“ იღებენ. ეს ადამიანები შეიძლება ამერიკის და საკუთარი შტატის გარეთ არასოდეს ყოფილან გასული.
რა მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ასეთი სახის ტერორიზმს - უცნობ ინდივიდუალურ პირებს, ინტერნეტიდან ბომბის გასაკეთებელი ინსტრუქციების ჩამოტვირთვას?
ერთს მხრივ, ეს ისევ ტრადიციულ ბრძოლად რჩება. უნდა გავაგრძელოთ „ისლამური სახელმწიფოს“ მმართველი სტრუქტურის წინააღმდეგ ბრძოლა, ზუსტად ისე, როგორც ეს 11 სექტემბრის შემდეგ ალ-ყაიდას წინააღმდეგ გავაკეთეთ. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს რა თქმა უნდა განსხვავებულ გამოწვევას ქმნის, როცა ადამიანი ინტერნეტ სივრცეში კომპიუტერის გამოყენებით განიცდის რადიკალიზაციას და არა სადღაც საწვრთნელ ბანაკში.
11 სექტემბრამდე და მას შემდეგ ტერორისტების სამიზნეები რამდენიმე, ძირითადად, დასავლური - ქვეყანა იყო. დღეს ვითარება სხვაგვარადაა - ტერორისტების სამიზნე ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება იყოს. რამ გამოიწვია ეს?
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ისეთი რამ მოიფიქრა, რაც „ალ-ყაიდამ“ ვერ შეძლო. კერძოდ კი ის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოქცევა შეეძლო არა ისეთი დიდი და შთამბეჭდავი ტერორისტული აქტების მოწყობით, როგორიც 11 სექტემბერი, მადრიდის მატარებელზე, თუ ლონდონის ავტობუსებზე თავდასხმები იყო, არამედ მცირე ზომის თავდასხმების განხორციელებითაც, როგორიც ინდივიდუალური პირების მიერ მაგალითად ადამიანებზე დანით ან მანქანით თავდასხმა არის. ასეთი აქტები ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოხდეს. მათ დიდი მომზადება არ სჭირდება. მათთვის ტერორისტებს რესურსების მოპოვება ან ექსპერტიზის შემუშავება არ სჭირდებათ. იმისთვის, რომ ადამიანი სახალიფოს ინსტრუმენტი გახდეს, მხოლოდ იარაღის მონახვა სჭირდება და ეს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება მოხდეს.
თქვენი აზრით, ისლამუმა სახელმწიფომ მოლოდინს გადააჭარბა? სახალიფომ ტერორტორიების დიდი ნაწილი დაკარგა, მაგრამ პენტაგონი აცხადებს, რომ მხოლოდ სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს,” სულ ცოტა, 32 ათასი მებრძოლი იმყოფება.
ერთი, რაც “ისლამურ სახელმწიფოს” რთულ ოპონენტად აქცევს ის არის, თუ როგორ ახერხებენ ისინი ნარატივის შექმნას და მიმდევრების მოტივირებას. ისინი წარმატებას და ხელმოცარვას ერთნაირად წარმატებულად ართმევენ თავს. როდესაც სახალიფო ძლიერდებოდა, ისინი მიმდევრებს ერაყსა და სირიაში ეპატიჟებოდნენ. როდესაც ბრძოლის წაგება დაიწყეს მესიჯი ჯიუტი წინააღმდეგობის ნარატივით შეცვალეს და დაიწყეს იმის თქმა, რომ მხოლოდ ყველაზე თავდადებული მებრძოლები უნდა შეუერთდნენ სახალიფოს. საბოლოო ჯამში, მათ დამარცხების გამოყენებაც კი შეძლეს მებრძოლების მოსაზიდად.
არ მგონია ეს გრეძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი სტრატეგია იყოს და მათ იმდენი ადამიანის გადაბირება შეძლონ, რამდენსაც წარსულში ახერხებდნენ. მიუხედავად ამისა, ათასობით მათი მიმდევარი ჯერ ისევ ბრძოლის ველზეა და რეგიონის და მის გარეთ უსაფრთხოებას ემუქრება.
რამდენად საშიშია ტერორისტული ჯგუფებისა და ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების კავშირი?
ვფიქრობ, ვითარება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირადაა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ტერორისტულმა ჯგუფებმა კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირება შეძლეს, რითაც ცეცხლსასროლ იარაღზე თუ ასაფეთქებლებზე წვდომის მოპოვება შეძლეს.
ამერიკაში ვითარება განსხვავდება. ვფიქრობდით, რომ სამხრეთში, ამერიკა-მექსიკის საზღვარი დაუცველი იყო ტერორისტების შემოღწევისგან. ვფიქრობდით, რომ ტერორისტები კარტელებს დაუკავშირდებოდნენ და მათთან ითანამშროლმლებდნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ზოგიერთი დიდი ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაცია ძალიან ბევრ ფულს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნეს მოდელი რისკის ქვეშ დააყენონ. ტერორისტებთან დაკავშირება მათზე მეტ ყურადღებას მიიზიდავდა, რაც მათ არ სურთ. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ სამხრეთის საზღვარი უკეთესად იყოს დაცული, მაგრამ ამჟამად იქიდან ტერორისტების შემოპარვის პერსპექტივა უფრო პოტენციურ საფრთხედ რჩება, ვიდრე რეალურ საფრთხედ.