ბუგაიოვა: რუსეთი ჯარს აძლიერებს, მაგრამ არმიის ეფექტურობა კვლავ კითხვებს აჩენს

წითელი არმიის ფორმაში გამოწყობილი რუსი ჯარისკაცები 7 ნოემბრის აღლუმისთვის ემზადებიან. მოსკოვი, 2019 წლის 5 ნოემბერი.

რუსეთი ნატოს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ხედავს. ამ ფონზე, კრემლი აქტიურად ცდილობს საკუთარი არმიის გლობალური წარმომადგენლობის გაზრდას; იარაღით ამარაგებს და ერთბლივ სამხედრო ოპერაციებს ატარებს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ინდოეთი და პაკისტანი, ისრაელი და არაბული ქვეყნები, ირანი და საუდის არაბეთი. რამდენად წარმატებულია რუსეთის ჯარის რეფორმა და როგორია არმიის განვითარების ტრაექტორია? ამ თემებზე "ომის კვლევების ინსტიტუტის" რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბუგაიოვა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტის ია მეურმიშვილის კითხვებს პასუხობს.

ნატალია, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორია რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა დღეს? რამდენად განვითარდა რუსული არმია 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ?

2008 წელთან შედარებით მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ჯარის ეფექტურობა სულ სხვა თემაა.


კი, ისინი დღეს უფრო ძლიერები არიან, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. როგორც თავდაცვის მინისტრი შოიგუ, ასევე გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ რუსული შეიარაღებული ძალები გარდაქმნან. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების დიდი ნაწილი იმდენად სიახლე არ არის, რამდენადაც ეგრეთწოდებული, სერდიუკოვის რეფორმის უკან შეტრიალება, რომლის მიზანიც დანახარჯების შემცირება იყო.

მას შემდეგ, რუსეთი მიმდინარე ორ სამხედრო კონფლიქტებში იღებს გამოცდილებას - სირიასა და უკრაინაში - და ორივე შემთხვევაში რაღაცას სწავლობს. დაიწყეს მიღებული გამოცდილების ინსტიტუციონალიზაცია ჯარის სტრუქტურაში და ორივე კონფლიქტში გამოცადეს ახალი იარაღი. ასე რომ, 2008 წელთან შედარებით მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ, თუმცა ჯარის ეფექტურობა სულ სხვა თემაა.

თქვენ თქვით, რომ რუსეთის არმიამ ბოლო კონფლიქტებიდან ბევრი ცოდნა შეიძინა. ეს გასაგებია და ამის საფუძველი ალბათ სტრატეგიაშია. თქვენი აზრით, რა არის რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ზოგიერთი ფუნდამენტური ელემენტი?

სიახლეებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა რთულია. ყველაფერი მაინც საბჭოთა მემკვიდრეობას უკავშირდება. შეიცვალა ის, თუ რას მიიჩნევს არმია პრიორიტეტად. ახლა ვხედავთ იმას, რომ რუსული ჯარის პრიორიტეტი დაბალ-დანახარჯიანი, ასიმეტრიული მეთოდებია, რაშიც საინფორმაციო, კიბერ და საზღვარგარეთ ლიმიტირებული დისლოცირება შედის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი შეიარაღების განვითარება რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ჯარი მეტწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ და საინფორმაციო კამპანიებზე. მეორეს მხრივ, ისინი ჯერ ისევ სწავლის პროცესში არიან -- ცდილობენ გაზარდონ საზღვარგარეთ დისლოცირების სისწრაფე. გააუმჯობესონ სხვადასხვა ნაწილებს შორის ურთიერთ-თავსებადობა, წაახალისონ ოფიცრებში ინიციატივა. რუსებმა იზრუნეს იმაზე, რომ მნიშვნელოვან პოსტებზე მყოფი მეთაურები სირიაში ერთხელ მაინც იყვნენ როტაციით მნიშვნელოვანი გაოცდილების მისაღებად.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი

თქვენ საინფორმაციო კამპანიები და კიბერ საქმიანობა ახსენეთ. ეს გარკვეულწილად, ეგრეთწოდებულ, გერასიმოვის დოქტრინას უკავშირდება, რომელიც სწორედ ასიმეტრიული შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა მიზნად. კონკრეტულად რა მოიაზრება ამ მიმართულებაში?

საინფორმაციო კამპანიები მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მეთაური იმასაც ამბობს, რომ როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ დონეზე, ყველა ოპერაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ მათ საინფორმაციო ეფექტი გამოიღონ. ისინი საინფორმაციო კამპანიებს შიდა მოხმარებისთვისაც იყენებენ ქვეყანაში ჯარის მიმართ მხარდაჭერის შესანარჩუნებლად. რუსული არმია ასევე აქტიურად იყენებს ზოგიერთ სხვა ასიმეტრიულ მექანიზმსაც, როგორიცაა, მაგალითად, ეგრეთწოდებული, ჰუმანიტარული ოპერაციები ან კონფლიქტებში მედიატორობა. ამ ყველაფერს ისინი სამხედრო მიზნების მისაღწევად იყენებენ.

აქ ომის თეატრებზე საუბრობთ? თქვენ ახსენეთ, რომ საინფორმაციო ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც ტარდება. ამ შემთხვევაში საბრძოლო ოპერაციებს გულისხმობთ თუ საინფორმაციო კამპანიების გლობალური მასშტაბით წარმოებას?


ორივეს. ომის თეატრის მაგალითად უკრაინა რომ გამოვიყენოთ - რუსეთმა კოორდინირებული, გათვლილი კამპანია დონბასში ნარინჯისფერი რევოლუციიდან მალევე დაიწყო. მათ 10 წელი დასჭიდათ იმისთვის, რომ სეპარატისტული განწყობები და მათი მოკავშირეებისადმი მხარდაჭერა მოეპოვებინათ უკრაინაში შეჭრამდე.

ანუ, ეს ოპერაციები არა მხოლოდ ჯარის მოქმედებების გამართლებას, არამედ სამხედრო ოპერაციისთვის საფუძველის მომზადებასაც ემსახურება?

დიახ. ეს მომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ დღევანდელ სამყაროში ომში გამარჯვება და დამარცხება საინფორმაციო სივრცეში და არა ბრძოლის ველზე ხდება. საინფორმაციო მეთოდები სამხედრო ოპერაციების განუყრელი ნაწილია. უფრო მეტიც - ხშირად სამხედრო ოპერაციები საინფორმაციო მიზნებს ექვემდებარება.

საინფორმაციო ოპერაციების მართვა სამხედრო სტრუქტურებიდან ხდება თუ გარე სამოქალაქო უწყებებიდან?

რამდენადაც ეს ჩვენთვისაა ცნობილი, სამხედრო კამპანიებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები გენშტაბიდან იმართება. ასევე არსებობს ოპერაციები, რომლებიც ადგილზე იმართება და ამ შემთხვევაში მეთაურებს მეტი თავისუფლება აქვთ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთმა საინფორმაციო ომის თვალსაზრისით ბევრი რამ შეცვალა. ყველაზე დიდი ცვლილება ისაა, რომ დღეს რუსეთი გლობალური მედია სივრცის შექმნაზე მუშაობს. ეს გაცილებით დიდი რამაა, ვიდრე მხოლოდ მედია საშუალებები. ეს სხვადასხვა მედიუმის ერთგვარი ეკოსისტემაა, რაშიც მედია საშუალებების ქსელთან ერთად შედის, მაგალითად, საერთაშორისო ფორუმები, სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამ შეხვედრების გამოყენებით კრემლი ცდილობს გაავრცელოს ნარატივები, რომ რუსეთი მშვიდობის მოყვარე ქვეყანაა, რომელსაც ჰუმანიტარული ან კონტრტერორისტული მიზნები ამოძრავებს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ახალი საინფორმაციო სივრცე.

თქვენ ახსენეთ, რომ სირიასა და უკრაინაში, ასევე საქართველოშიც, რუსეთმა ღირებული საბრძოლო გამოცდილება მიიღო. თუმცა, რუსული არმია არანაკლებ გამოცდილებას იღებს სამხედრო წვრთნებითაც, თან ხშირ შემთხვევაში ერთობლივი წვრთნებით, რომლებსაც ისეთ ქვეყნებთან ატარებს, როგორიცაა მაგალითად, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი. ზოგიერთი ეს თანამშრომლობა, მაგალითად, ჩინეთთან გასაკვირიცაა. როგორ ხსნით ამას?


აქ რამდენიმე რამ ხდება. პირველი ისაა, რომ რუსეთის ჯარი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს კოალიციურ ომებს. ერთის მხრივ ამას ვხედავთ სირიაში. იქ მიღებულ გამოცდილებას რუსეთი ახლა სამხედრო წვრთნებშიც იყენებს. მეორე საკითხი უფრო დიდ სტრატეგიულ მიზნებს უკავშირდება. ჩვენ ვასკვნით, რომ რუსეთი რამდენიმე შრიან უსაფრთხოების ქსელის შექმნას ცდილობს, რომელიც პირველი და ყველაზე ახლო შრე უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია. მეორე ორბიტაში აზიური ქვეყნები შედის სადაც ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ. წვრთნებთან ერთად ასევე გაიზარდა ამ ქვეყნებთან იარაღით ვაჭრობა და სამხედრო განათლების გაცვლა. მაგალითად, რუსეთის სამხედრო აკადემიების პროფესორები ინდოეთის, აფრიკის ქვეყნების აკადემიებში ასწავლიან. ამ მეთოდებს რუსეთი არაფორმალური ალიანსების გასამყარებლად იყენებს.

რამდენად სანდოა ის სამხედრო ალიანსები, რომლებსაც რუსეთი ქმნის? თქვენ კოალიციური ომები ახსენეთ, მაგრამ რთული წარმოსადგენია, მაგალითად, რუსო-ჩინური სამხედრო კოალიცია.

რუსეთს ჯერ ისევ უჭირს საკუთარი ნამდვილი ღირებულების დადგენა. ის ალიანსები, რომლებიც რუსეთი ქმნის, ძირითადად მაინც საინფორმაციო სივრცეში არსებობს. რუსულ ჯარს საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ სხვას შესთავაზოს. ჩინეთს რაც შეეხება, ეს დელიკატური ბალანსის შენარჩუნების მცდელობაა. რუსეთი ცდილობს ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად მიიზიდოს, განსაკუთრებით, არქტიკის განვითარებაში. ამასთან, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ეკონომიკას დარტყმას აყენებს, ამ ფონზე კი მოსკოვს პეკინთან ენერგო-კონტრაქტების განვითარება სურს. ამ მონეტის მეორე მხარე კი ისაა, რომ რუსეთს ჩინეთის სტრატეგიული დაბალანსება სჭირდება საკუთარ სამეზობლოში, მაგალითად ცენტრალურ აზიაში. მათ შორის არსებული უცნაური ალიანსი, ჩემი აზრით, დასავლეთისთვის მესიჯის გაგზავნაა. რუსეთი ასევე ცდილობს ჩინეთთან დაახლოებით იაპონია მოაქციოს ზეწოლის ქვეშ.

რუსეთი აფრიკის ქვეყნებთან სამხედრო ჩართულობას აღრმავებს, ისევე როგორც ჩინეთი. რა მიზნები აქვთ მათ აფრიკაში?

აფრიკის კამპანია არ არის იზოლირებული ძალისხმევა. ერთი მიზანი პუტინის რეჟიმის გახანგრძლივებას უკავშირდება. ანუ ისინი აფრიკაში შემოსავლების ახლ წყაროებს ეძებენ და არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მისი გარემოცვისთვისაც. მეორე მიზანი რუსეთი სამხედრო ყოფნის კონტინენტზე გაფართოებაა. ეს კამპანია ასევე დაკავშირებულია საინფორმაციო ომთან, რომელსაც რუსეთი გლობალურად აწარმოებს.

ძალიან მოკლედ ინდოეთზე და პაკისტანზეც რომ ვისაუბროთ - ინდოეთი რუსეთისგან დამატებით სამხედრო თვითმფრინავებს იყიდის. ამავე დროს, მოსკოვი პაკისტანთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებს. ეს ისტორიის გაგრძელებაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თუ ახალ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე?

რუსეთის მიდგომა ხშირად ისეთია, რომ ის მოწინააღმდეგე მხარეების დაბალანსებას ცდილობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, იგივეს ვხედავთ ირანისა და საუდის არაბეთის შემთხვევაში, ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთს არაბულ ქვეყნებს შორის. არ მგონია ინდოეთისა და პაკისტანის შემთხვევაში საქმე განსხვავებულ პოლიტიკასთან გვქონდეს. კრემლი ცდილობს გლობალურად გამოჩნდეს როგორც ძალა, რომელიც მიუკერძოებელი, ჰუმანური მოთამაშეა, რომელსაც მშვიდობის მოტანა შეუძლია.

რუსეთის სამხედრო საქმიანობა აფრიკაში კონტინენტზე რესურსების მდებარეობას უკავშირდება.

ანუ, რუსეთი ცდილობს გლობალური სამხედრო ძალა გახდეს. ამას ამბობთ?

გლობალური სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მაგრამ ამის გაკეთება სურთ რაც შეიძლება იაფად, რადგან რუსეთი ჯერ ისევ ღარიბი ქვეყანაა და სავარაუდოდ, კიდევ დიდ ხანს იქნება ღარიბი.

მოდით ახლა რეგიონი შევამციროთ და რუსეთის სამეზობლოზე გადავიდეთ. რა სახის საფრთხეს უქმნის რუსეთი მეზობლებს?

რუსეთს სურს საკუთარი მეზობლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში დომინანტური როლი ჰქონდეს. ამაში შედის უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი და კავკასია. დომინანტობის მოპოვებასთან ერთად, რუსეთს სურს საკუთარი უსაფრთხოების ორბიტის გაფართოება. მაგალითად, სექტემბერში რუსეთმა ბელორუსში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „კავშირის ფარი“ გამართა. ვხედავთ როგორ ცდილობს რუსეთი მოლდოვასთან სამ წლიანი თანამშრომლობის გეგმის შემუშავებას. შოიგუ მოლდოვაში ჩავიდა კიდეც, რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. იგივეს ცდილობს რუსეთი აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთშიც და ამასთან იმასაც აკეთებს, რომ ისეთი მოკავშირეები, როგორიცაა სომხეთი საკუთარი შენაერთების გვერდით სირიაში საბრძოლველად ჩაიყვანოს.

ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთმა სამხედრო ძალების ინტეგრაცია მოახდინა რუსეთის თავდაცვის სისტემაში. ამასთან, პუტინმა სექტემბერში განაცხადა, რომ ეგრეთწოდებული, აფხაზური ჯარის მოდერნიზაციას კრემლი დააფინანსებს. ოკუპაცია უკვე წლების მიმდინარეობს და რუსეთის ჯარი საქართველოს ამ ტერიტორიებზე ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ დგას. ამის გათვალისწინებით, რამდენად საყურადღებოა ეს ნაბიჯი დღეს?

ეს საყურადღებოა, რადგან მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების საზღვრის გაფართოება სურს. კრემლი საკუთარი არაფორმალური მოკავშირეების და არაკანონიერი ფორმირებების კონტროლის კონსოლიდაციას ცდილობს. მაგალითად, უკრაინაში რუსეთი მშვიდობის დამყარებაზე საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში არაფორმალურ მოკავშირეებს შეიარაღებით ზურგს უმაგრებს. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც უკრაინაში, რუსეთი ყოველთვის ეცდება მუდმივი სამხედრო ყოფნა შეინარჩუნოს და იქ განთავსებული ძალები ტროას ცხენად გამოიყენოს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაზეც ახლა ვისაუბრეთ, თქვენი აზრით, რა არის რუსეთის უმთავრესი სამხედრო მიზანი?

რუსეთის სამხედრო გეგმები, რა თქმა უნდა, მჭიდროდ უკავშირდება კრემლის გეოპოლიტიკურ მიზნებს. ამაში შედის დასავლეთის შეკავება ყველა ფრონტზე და პუტინის რეჟიმის გახანგრძლივება ყველა შესაძლო მეთოდით. ყველა სამხედრო კამპანია ამ მიზნებს ემსახურება.

რამდენად დიდი საფრთხეა ნატოსთვის რუსეთი?

ყველაზე დიდი და ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის ბირთვული არსენალია. ჩვეულებრივი შეიარაღების მხრივ, რუსეთმა ვერ შეძლო საბჭოთა კავშირის ჯარის შესაძლებლობების და ძალის აღდგენა. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამომდინარე ავტოკრატიული მმართველობიდან, რუსეთი დღეს მზადაა უფრო სწრაფად იმოქმედოს და მეტად სარისკო გადაწყვეტილებები მიიღოს. რუსეთს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი კიბერ-შესაძლებლობები აქვს. სირიაში ჯარის განთავსებით, რუსეთი ახლა ხმელთაშუა ზღვაში დასავლეთის მანევრირებას ზღუდავს.

თუმცა, მთავარი საფრთხე არა სამხედრო ძალისგან, არამედ, ჰიბრიდული ოპერაციებიდან მოდის. პუტინს სურს მოახდინოს ნატოს დისკრედიტაცია და ახლო კავშირების დამყარებას ცდილობს ნატოს ისეთ წევრ ქვეყნებთან, როგორიცაა თურქეთი, უნგრეთი, იტალია. ამ საფრთხის დასაბალანსებლად, დასავლეთმა თავშეკავების და ყოყმანის გარეშე ყოველ ჯერზე უნდა აფიქსიროს კოლექტიური თავდაცვის მიმართ ერთგულება და მისი უპირობოდ დაცვის სურვილი. რუსეთმა ისეთი ჰიბრიდული მეთოდები შეიმუშავა, რომლებზე თავის გასართმევადაც დასავლეთში კოლექტიური მიდგომა არ არსებობს. რუსეთს ასევე ეხმარება ისიც, რომ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა შიდაპოლიტიკურად პოლარიზებულია.

უკვე წლებია დასავლეთში ვსაუბრობთ რუსეთის ჰიბრიდულ და საინფორმაციო კამპანიებზე. თქვენი აზრით, დასავლეთმა ისწავლა რამე რუსეთთან ამ სივრცეში დაპირისპირების საფუძველზე? დასავლეთი, როგორც კოლექტიური ერთეული, ცდილობს ამ საფრთხის დაბალანსებას?

კი და არა. დასავლეთში ბევრი ნაბიჯი იდგმება რუსული დეზინფორმაციის დასაბალანსებლად. ასევე დაწესებული გვაქვს სანქციები და შეუფარავად ვსაუბრობთ კრემლის მიერ ორგანიზებულ დეზინფორმაციაზე. ამას ვფიქრობ შედეგი აქვს. მაგრამ დასავლეთის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ არ გვაქვს ერთიანი, გრძელვადიანი მიდგომა რუსული ნარატივების გასაბათილებლად. ხუთი წლის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არამად დასავლეთი აღაშფოთა. ხუთი წლის მერე კი ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ რუსეთი ევროპულ ოჯახში უნდა დავაბრუნოთ. და ეს იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთს ამ ხუთი წლის განმავლობაში მოქმედების კურსი არ შეუცვლია და საინფორმაციო ომი არ შეუწყვეტია.

ძალიან ხშირად, ნატო სკეპტიკოსები და რუსეთის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ნატო აიძულებს რუსეთს იყოს აგრესიული, განავითაროს თავდაცვა, აწარმოოს საინფორმაციო ომი. თქვენი აზრით, რა საფრთხეს უქმნის რუსეთს ნატო?

ერთია ნარატივების გავრცელება და მეორე რეალური ვითარება. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, კრემლმა მეზობელ უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებზე კონტროლის მოპოვება სცადა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პუტინმა ჯერ ქვეყნის შიგნით დაალაგა სიტუაცია და შემდეგ მეზობელ ქვეყნებზე გადავიდა. ნატო აქ არაფერ შუაშია. პუტინი ნატოს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი აგრესია გაამართლოს.

დასავლეთმა ამის კომუნიკაცია, ალბათ, უკეთ უნდა გააკეთოს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ხშირად არ ვსაუბრობთ ისაა, რომ რუსეთს ყველაზე სტაბილური საზღვარი სწორედ ნატოსთან აქვს.

დიახ, ეს ძალიან კარგი მოსაზრებაა. აქ ჩინეთი უნდა ვახსენოთ. პუტინი იმას ამბობს, რომ ნატო უახლოვდება მის საზღვრებს. მაგრამ ჩინეთი უკვე ჩაერია ისეთივე მეთოდებით რუსეთის სამეზობლოში, როგორც რუსეთი ერევა სხვაგან. მაგალითად, პეკინი ძალიან გაძლიერდა ცენტრალურ აზიაში, ვხედავთ რეგიონში დიდ ჩინურ ინვესტიციებს და არა მარტო რეგიონში, არამედ შიგ რუსეთშიც. საინტერესოა ის, რომ პუტინი ჩინეთს მოახლოვებაზე არაფერს ამბობს.