ყოფილი ელჩი გლობალურ ქალთა საკითხებში მელანი ვერვიერი ქალთა უფლებებზე და აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ქალებისთვის შესაძლებლობების ზრდაზე საუბრობს. ვერვიერს „ამერიკის ხმის“ ევრაზიის დივიზიიდან ვივიან ჩაკარიანი ესაუბრა. ვერვიერი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია.
ევრაზიის რეგიონში ქალთა უფლებების მდგომარეობით რომ დავიწყოთ. რა არის მთავარი საკითხები?
ვფიქრობ, ევრაზია პატრიარქალურ აზროვნებაშია მოქცეული იმ კუთხით, თუ რა ადგილი უნდა ეკავოს ქალს და ეს მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი და მეტი ქალი იღებს განათლებას. ქალები მსოფლიოს ამ ნაწილში შედარებით უფრო კარგად განათლებულები არიან. არის განცდა, რომ ისინი არ არიან პოლიტიკურ სფეროში წარმოდგენილი, იმდენად, რამდენადაც უნდა იყვნენ, ან ეკონომიკურ სფეროში მონაწილეობის კუთხით. ცალკეული ქვეყნების გამოკლებით, მდგომარეობა არათანაბარია. ტენდენციები იკვეთება, რომლებიც რთული შესაცვლელია, რადგან არსებობს დამკვიდრებული შეხედულებები. თუმცა ქალები, როგორც ყველგან, [ევრაზიაშიც] არიან ცვლილებების ფრონტის ხაზზე.
როდესაც ღრმად ფესვგადგმულ სოციალურ ნორმებზე ვსაუბრობთ, ეს ევრაზიაში მზარდი პრობლემური საკითხია. სოციალურ ინსტიტუტებზე და გენდერზე 2019 წლის ინდექსი აჩვენებს, რომ ევრაზიაში ქალთა დისკრიმინაციას, ყველაზე მეტად ოჯახებში ვხვდებით და ეს ანგარიში საუბრობს იმაზე, რომ ბოლო 19 წლის განმავლობაში 0-4 წლამდე 170,000 ქალი გაქრა სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში. თუ იცით, რა კეთდება ამ პრობლემის გადასაწყვეტად?
ეს ადამიანის უფლებების ერთ-ერთი საკითხია. ჩვენ ვიცით, რომ ხშირად ეს ქმედებები (დისკრიმინაცია) ქალების წინააღმდეგ ძალადობით გამოიხატება. ვხვდებით ადამიანებით ტრეფიკინგსაც. დიდი რიცხვია იმ ქალების, რომლებიც მათი ახლობლების ან უცნობების დახმარებით გადაჰყვათ. ზოგჯერ გოგონები საკუთარ ცხოვრებას აღიქვამენ, როგორც გაუბედურებულს და მათ აცდუნებენ ან იყოლიებენ ვიღაცეები, ვისაც ისინი იცნობენ, იქნება ეს მათი სოფლიდან თუ სხვა ადგილიდან. ვინც ეუბნება, რომ კარგი სამსახური მაქვს შენთვის, უკეთესი მომავალი და ისინი კოშმარში ხვდებიან.
ზოგ ადგილას ვხვდებით ბიჭი შვილისთვის უპირატესობის მინიჭებას. განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ნაწილებში, ინდოეთში ნამდვილად, ნამდვილად ასევე ჩინეთში, იმდენად უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ ბიჭს, რომ გოგოს ცხოვრება, თუ დაიბადა, უარყოფილია. იმ ადგილებში, სადაც არის ტექნიკური შესაძლებლობა გაიგო [ჩანასახი] გოგოა, თუ ბიჭი, უფრო მეტი შემთხვევებია, როცა ორსულობას ადრე ასრულებენ თუ გაიგებენ, რომ გოგოა. ამიტომ, ეს იმდენადვე ფუნდამენტური საკითხია, როგორც ბავშვთა ქორწინება. ეს უკავშირდება ზოგადად გოგონების ფასს და როგორც თქვენ თქვით უკავშირდება წარმოდგენებს, ნორმებს, ტრადიციებს და სწორედ ამიტომ არის განათლება კრიტიკული. ამიტომ არის ცნობიერების გაზრდა კრიტიკული. ამიტომაა ამაზე მუშაობა საჭირო, ამ ნორმების შესაცვლელად. ნორმები, კულტურა და ტრადიციები შეიძლება შეიცვალოს ისეთ საზოგადოებებში მაგალითად, სადაც ქალის გენიტალიების დამახინჯება პრაქტიკას წარმოადგენს, გვინახავს თუ როგორ შეიძლება მთელმა საზოგადოებამ უკან მოიტოვოს ეს პრაქტიკა, რომელიც რიტუალური პრაქტიკა იყო... გვინახავს, რომ არჩევანი გაკეთდა ქალთა ჯანმრთელობის სასარგებლოდ ამ საშინელი რიტუალის ნაცვლად, რასაც მშობელი ქალის სიკვდილი და ტკივილები, დეგრადაცია და გართულებები მოჰყვებოდა.
მე ის კრიტიკული საკითხები გამოვყავი, რომელიც უნდა გადაიჭრას. გოგონას, როგორც შვილის დაფასების გაზრდაზე ოჯახებთან ერთად, რელიგიურ თემებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთავრობებთან ერთად. რეალური ნაბიჯები გადავდგათ გოგონათა ფასეულობის ასახსნელად.
უკრაინაზე მინდა ვისაუბრო, რადგან თქვენ ამაზე მუშაობდით. უკრაინა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ხედავთ, უკრაინის ხელისუფლებაში გენდერული უფსკრულის გადაწყვეტის გზას? რამდენად ეთანხმებით გენდერულ კვოტებს?
იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დაინახავს ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას ყველა მიმართულებით. მომავალ საპარალამენტო არჩევნებში, სხვადასხვა პარტია რეალური ნაბიჯების გადადგმას ცდილობს ქალებისთვის უფრო დიდი როლის მინიჭების კუთხით. იყო მცდელობა, როცა მე უკრაინაში ვიყავი, რამდენიმე წლის წინ. პარლამენტმა კვოტების კანონი მიიღო, რომლითაც პარტიებს ნებაყოფლობით შეეძლოთ ქალი კანდიდატები წარედგინათ ან მხარი დაეჭირათ მათთვის. და ყველა ამას არ დაემორჩილა და არ იყო ის, რაც შეიძლება ყოფილიყო. თუმცა მისი მიზანი იყო ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე იმის უზრუნველყოფა, რომ ქალების პოტენციალი, მათი ტალანტი და პერსპექტივა პოლიტიკურ საქმიანობაში წარმოდგენილი ყოფილიყო. და ეს ყოფილიყო კიბე, რომლითაც უფრო მაღალ დონეზე აიწევდა [ქალთა ჩართულობა]. არის კიდევ მცდელობა, საპარლამენტო არჩევნებისთვის კვოტების კუთხით, არ ვიცი მიიღებს თუ არა რადა ამ გადაწვეტილებას.
თუმცა მნიშვნელოვანია იმისა გაგება, რომ უკრაინაში უდიდესი ტალანტია, ისევე როგორც მსოფლიოს გარშემო, მოსახლეობის ნახევარის გათვალისწინებით. ქალებს აქვთ საკუთარი პერსპექტივა მათი გამოცდილებიდან გამომდინარე. მათ უფრო და უფრო მეტი გამოცდილება უგროვდებათ. მათ უდიდესი ტალანტი აქვთ. და ეს უწყებები, იქნება ეს საქართველოს პარლამენტი, უკრაინა თუ რუსეთის დუმა - სადაც არ უნდა იყოს, [ეს ორგანოები] იღებენ გადაწვეტილებებს, რომელიც ქალების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, კაცების ცხოვრებაზე და მათ ოჯახებზე. ბევრ ამ ორგანოში ცოტა ქალი იღებს ამ გადაწვეტილებების მიღებაში მონაწილეობას მაშინ, როცა ეს გადაწვეტილებები მათზე და მათ ოჯახებზე ახდენს გავლენას. და ბევრ ქვეყანაში ვნახეთ, რომ როცა კვოტების მიღება ხდება, თუნდაც როგორც გარდამავალი ზომის, ქალთა ჩართულობა იზრდება.
მიეცით [ქალებს] საშუალება საკუთარი უნარები აჩვენონ. ყველა ქალი არაა სრულყოფილი და განსახილველი საკითხი არაა ის, თუ კაცები უფრო კარგები არიან თუ ქალები. საკითხია ის, რომ ყველას საზოგადოებაში მიეცეს შესაძლებლობა ქონდეს პოლიტიკურ არენაზე მონაწილეობის საშუალება, მიუხედავად იმისა, კაცი ხარ თუ ქალი. როცა ქალის პერსპექტივის გათვალისწინებაზე ამბობ უარს, მხოლოდ ქალებს კი არ უმცირებ შანსებს, არამედ ქვეყანის შანსებსაც ამცირებ.
მნიშვნელოვანია ამ ჩართულობის მიღწევა. რადგან ბევრგან, იქ სადაც თუნდაც ცოტა ქალია წარმოდგენილი პარლამენტში, ისინი მიუხედავად, პარტიული უთანხმოებებისა ახერხებენ, ერთად მუშაობენ ისეთ საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა „თანასწორი შესაძლებლობების სათათბირო“ უკრაინაში და ყურადღებას ამახვილებენ ისეთ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგალითად ოჯახური ძალადობა, ქალების როლი კონფლიქტში, იძულებით გადაადგილებულ თემში ან კრიტიკული საჭიროებების მოგვარების კუთხით. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამ ადგილს და უდიდეს კონტრიბუციას ახორციელებენ. იმედი მაქვს, უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწვეტილებას მიიღებს და მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას უკრაინელ ქალებს, რომელთაც აქვთ მისწრაფებები ქვეყნის პოლიტიკურ დებატებში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.
მინდოდა ბავშვთა ქორწინებაზე მესაუბრა. „ამერიკის ხმა“ მალე სოციალურ მედია პროექტს დაიწყებს, რომელსაც „გოგონას ფასი“ ერქმევა და აჩვენებს ბავშვთა ქორწინების სახეს მსოფლიოს გარშემო აფრიკიდან ინდონეზიამდე თუ ალბანეთამდე. აჩვენებს დიდ სურათს, ისევე როგორც იმას, თუ რა გავლენა აქვს ამას ინდივიდუალურ დონეზე. რამდენად დიდი პრობლემაა ბავშვთა ქორწინება ზოგადად?
ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ასობით ათასი გოგონას მომავალი ბევრი მიმართულებით იზღუდება, როცა მათ ათხოვებენ. თუ პრობლემის საწყისს შევხედავთ, ვფიქრობ, ნაწილობრივ ეს უკავშირდება, გოგონათა ფასს. გოგონებს ბევრგან არ აფასებენ ისე, როგორც ყოველი გოგონა უნდა იყოს დაფასებული. ბევრ მშობელს კარგი განზრახვა აქვს თუმცა უჭირს. ამ საზოგადოებებში ისინი ქალის როლს აღიქვამენ როგორც: თუ მას გავათხოვებთ, სახლს მაინც დატოვებს, ჩვენ აღარ გვექნება პასუხისმგებლობა და სხვისი ოჯახის პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევა. თუმცა, თუ იმ გოგონებს დაელაპარაკები, რომლებიც გადაურჩნენ, თუმცა ახლოს იყვნენ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან, ხედავ, თუ როგორ აღიქვამენ ისინი სკოლის მიტოვებას, და ეს ხდება. ისინი საკუთარ პოტენციალს ვეღარ ავითარებენ, და მათი ცხოვრება შემოისაზღვრება სიღარიბის წრით, რომელშიც უკვე ძალზედ ჩაფლულნი არიან, მათი ოჯახების მდგომარეობის გათვალისწინებით.
სკოლა აქედან გამოსავალია. სკოლიდან გაყვანა სასიკვდილო განაჩენია... ვფიქრობ ჩვენ მშობლები უნდა წავახალისოთ და დავეხმაროთ მათ მიხვდნენ, თუ რამდენად უფრო მეტი ფასი აქვს მათ ქალიშვილებს, თუ ისინი სკოლაში დარჩებიან. დავეხმაროთ მათ სკოლის გადასახადის გადახდაში, რომელზეც მათ ხელი არ მიუწვდებათ. რამდენიმე ქვეყანაში ვყოფილვარ, სადაც ფქვილის ტომარას, თუ სხვა ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებს აძლევდნენ ოჯახებს და მათი ქალიშვილი ახერხებდა სკოლაში დარჩენას...
საშინელ ისტორიებს ხვდებით იქ, სადაც ბავშვებს გარიგებით ათხოვებენ, ხშირ შემთხვევაში უფროს კაცზე, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში საშინლად ავიწროებენ [გოგონებს] და ისინი საზარელ სიტუაციაში ხვდებიან. და იმ პოტენციალის გამოყენება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, ამ საზოგადოებებში, ამ ქვეყნებში ვერ ხვდება. ეს ტალანტი ვერ ხმარდება [ქვეყანას], რადგან ის ბევრი მეთოდით ნადგურდება. იმისთვის, რომ ქვეყნები მიხვდნენ, რატომ უნდა გადაჭრან ეს პრობლემა, საერთაშორისო საზოგადოება რომ მიხვდეს, სამოქალაქო საზოგადოება რომ მიხვდეს, ყველა ვისაც გავლენა აქვს-ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ბავშვთა ქორწინების დასასრულებლად.
რა როლი ქონდა მედიას ქალთა დიდ მიღწევებში?
მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როლი შეიძლება პოზიტიური ან ნეგატიური იყოს. ბევრგან, განსაკუთრებით ევრაზიაში, იქნება ეს რეკლამები თუ მედიაში დრამატულ პროგრამებში ქალების ისე წარმოჩენა, რომელიც მათ ობიექტივიზებას ახდენს და ქალების იმიჯს წარმოაჩენს იმის საწინააღმდეგოდ, რაც ქალები რეალურად არიან... პოზიტიურ მხარეს თუ შეხედავ, მედია ერთი გზაა რომ რეალურად აჩვენო ის განსაკუთრებული როლი, რაც ქალებს საზოგადოებაში აქვთ... ვფიქრობ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მეტი ქალის ყოლა მედიაში როგორც ჟურნალისტების, პროგრამის პროდიუსერების, რეჟისორების-ხელს უწყობს საზოგადოებამდე მიიტანონ საკითხები და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც კი, ვინც შეერთებულ შტატებში, კანადაში თუ დასავლეთ ევროპაში ვართ, იმის უკეთ გასაგებად, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყნებში და მსოფლიოს გარშემო. დღეს უფრო მეტი იბეჭდება და ამ საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. თუ არ გინახავს ქალი ჟურნალისტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აკეთებს კომენტარს, არ იფიქრებდი, რომ ქალები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში არიან ჩართული. მაშინ როცა ასეთი [ქალი] ბევრია. ასე, რომ მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.